27 Май 2012

პოკერი გუშინ, დღეს... ყოველთვის

 1. გუშინ

    გაივლის კიდევ რამდენიმე წელი და ლისის ტბაზე ამავალი მე იმ ბედნიერ დღეს გავიხსენებ,  როცა მამამ პირველად პოკერის სათამაშოდ   წამიყვანა. თუმცა ბედნიერს ამ დღეს იმ მომენტში ვერ უწოდებდით. 

   ჩვენ ყველას გვინახავს (ფილმებში) გაჩახაჩახებული უსაათო, უფანჯრო კაზინოები თავისი მომღიმარი დილერებით, აზარტული მოთამაშეებით, მათ უკან შეკრებული ლამაზ დეკოლტიანი ქალებით  და ერთ გუნდად შეკრული რაღაც საოცარი მხიარულებით. 
"იმ კაზინოში" კი  (რომელიც როგორც ვიცი აღარც  არსებობს)  იყო სიგარეტის მძიმე ნისლი -  აი ისეთი ზედაზენზე რომ წვება შემოდგომობით, შემზარავი სიჩუმე, მოძველბიჭო დილერები, მოთამაშეები -  არანაირ აზარტს რომ არ ამჟღავდნენ, თუმცა ნერვოზის ყველა ნიშანი სახეზე ეწერათ და საკმაოდ მკაცრი  აკრძალვები  - მაგიდასთან ზუსტად აღარ მახსოვს რამდენიმე მეტრით არმიახლოების, მოთამაშეებთან არსაუბრის, კონკრეტულ ადგილებში არდადგომის შესახებ. მოკლედ თამაში თუ არ იცოდი სადღაც კუთხეში (ოღონდ მხოლოდ იმ კუთხეში რომელზეც მიგითითებდნენ) უნდა მიგდებულიყავი და გეყურებინა მოთამაშეთა ხელებისათვის. 

    მაშინ გადავწყვიტე რომ პოკერი საკმადო უჟმური თამაში იყო,  რადგან მას სულ მოჟამული და მუდმივად უკმაყოფილოსახიანი ბიძები თამაშობდნენ, ამავე დროს საკმაოდ რთულიც, რადგან იმ ბიძებს თამაშის დროს ისეთი სახეები ჰქონდათ თითქოს მსოფლიო პოლიტიკის საკითხებს წყვეტდნენ. 
   იმ დღის შემდეგ პოკერი მიეწერა იმ სიას, რისი სწავლაც ძალიან გინდა მაგრამ შეუძლებლად მიგაჩნია (მაგალითისთვის იხ. ფრენა) მაგრამ ეს ამბავი ადრე იყო.  რევოლუციამდე....



2.  დღეს

გაივლის კიდევ რამდენიმე წელი და  ლისის ტბაზე ბლოგერთა პოკერის ტურნირზე მოხვედრილი მე დავრწმუნდები რომ ფრენა არც თუ ისე რთულია, მთავარი კი გარემოა სადაც ამ ფრენას ისწავლი. აჭარაბეთმა ბლოგერებისთვის ლისის ტბაზე პოკერის ტურნირი მოაწყო, სადაც მისულ პოკერის მცოდნე  ბლოგერებს საკმაოდ სასიამოვნო გარემო დახვდათ, პოკერის არმცოდნეებს კი უფრო სასიამოვნო.
ზოგჯერ მაყურებლის როლში ყოფნა არც ისე ცუდია

 ასევე არ დაგვზარდენენ და თავად იღეს  იმდენად რთული მისიის შესრულება როგორიც არის ჩვენი პოკერის წესებში გათვითცნობიერებულობა. ტრენინგის შემდეგ ყველამ უკეთ ვიცოდiთ პოკერი მეთქი ვერ ვიტყვი თუმცა იმას კი ნამდვილად მივხვდით რომ ცხოვრება პოკერის თამაშს გავს - მთავარია ხელსაყრელი კომბინაცია.

3. ხვალ

რევოლუციის შემდეგ აქ იმდენი რამე შეიცვალ ლისის ტბიდან რომ ვბრუნდებოდი გულში გადავწყვიტე აუცილებლად უნდა ვეწვიო აჭარაბეთს მეთქი. ვინც იცის და იქნებ კაზინოებიც შეიცვალა საქართელოში და იმათ დაემსგავსა ჰოლივუდურ ფილმებში რომ იღებენ ხოლმე.

09 Май 2012

"ცეკვავენ? ვარსკვლავები?"




"როსტო თუ ვარსკვალვია ნანი ბრეგვაძე ვინღა არის მაშინ"
-
ალუჩის გამყიდველი ბაზარში


       რა ვქნა მაინც ყველაზე ძალიან სათაურზე მეცინება.  ისევე როგორც მეცინება სათაურზე "ნიჭიერი" გამოთქმაზე -  " ჩვენ ნიჭიერი ერი ვართ", მაგრამ ეს სხვა თემაა. ზოგადად არ არის ცუდი უცხოური შოუების გაქართულება (ახლის მოფიქრებაზე რატომ გავანძრიოთ ჩვენი ნიჭიერი და ზარმაცი თავები?) თუმცა ყველა შოუს ასე ხელაღებით გადმოქართულებაც ვერ უნდა იყოს კაი ამბავი. აი მაგალითად თუ აშშ-ში არის შოუ "ცეკვავენ ინდაურები" და  საქართველოში არ არსებობენ ინდაურები, ქათმების გაფხორვა და მათზე ზედმეტი ბუმბულის მიკერება მათ ხომ ინდაურებად არ აქცევთ? თუმცა ასე მხოლოდ მე ვფიქრობ, ამიტომაც შოუ შედგებააა.


რას ვერჩით?! ბევრ ქართველ "ვარსკვლავს" ჯობია კიდეც.
      თუმცა ვარსკვალვები იქით იყოს და მე კითხვის ნიშანს სათაურის პირველივე სიტყვაში დავსვამდი. რა არის ცეკვა? თუ ბერნარდ შოუს დავუჯერებთ და ვიტყვით რომ:  ცეკვა- ეს არის ჰორიზონტალური სურვილების ვერტიკალური გამოხატვა.  მითი ქართველი მამაკაცების ტემპერამენტიანობის შესახებ ჩანასახშივე იქნება მკვდარი (იქ ზოგიერთების შემხედვარე) თუმცა სანამ ყველა მითი ჩვენს შესახებ დაგვინგრევია, მთავარზე გადავიდეთ მთავარზე. 

        ეს პოსტი მინდა მივუძღვნა იმ ადამიანებს ვინც ჯერ კიდევ დარჩა პროექტში, ანუ მისი აღმატებულობა ჟიური. 

ყველაზეეე კომპეტენტურებეეეე
     ჟიური საქართველოში მეტად  მტკივნეული თემაა, რატომღაც  ჟიურიში სულ ზედმეტად კაცთმოყვარე ხალხი ზის,  რომელთაც ძირითადად ერთნაირი ტექსტით ცამდე აჰყავთ მონაწილეები.  ამაზე სულ ვფიქრობ რატომ?  რატომ და ალბათ იმიტომ რომ ჟიურიში მართალია საზოგადოებისთის მეტ-ნაკლებად ცნობილ.  მაგრამ ისეთ ხალხს სვამენ იმ კონკრეტული სფეროს გაგებაში რომ არ არიან რომლის შეფასებაც უწევთ, სამაგიეროდ იმდენი ნამუსი კი ყოფნით ის საკითხი არ დაიწუნონ,  რომლის გაგებაშიც არ არიან და მიდის ეს მეხოტბე-მგალობლობა და ერთი დარდუბალა. 

1)  2 ნინო 

 ცოდვას ვერ ვიტყვით და ამ ორ ქალბატონს ცეკვაში გაუთვითცნობიერებლობას ნამდვილად ვერ დავწამებთ,  თუმცა ხეირი აქედან არანაირი.  ერთს მხოლოდ ის ცეკვები მოსწონს,  რომელსაც მისი ქორეოგრაფები დგამენ, მეორე კი საერთოდ არაფერს ამბიბს ღირებულს. ისე მადლობელი დაგრჩებით თუ მომავალ წელს ანანიაშვილს აღარ ვიხილავათ ჟიურიში.  ბალეტი მანდ ნაცეკვი მე არ მინახავს და ის კი უკვე დავიმახსოვრეთ რომ ქალბატონი ნინო ძალიან მოხარულია, ქართუილი საზოგადოების ცეკვით დაინტერესების გამო. 

2) ჰოლივუდის ვარსკვლავი 

აფსუს
ყოველთვის როდესაც ბატონი ლევანი ლაპარაკს იწყებს მე ჩემდა უნებურად წარმომიდგება ვერის დაღმართზე მორბენალი ბავშვი და ყურშიც სულის წამღები კივილი მესმის "კუკარაჩა მოკლეეეეეს" ისე ეგ რომ ჰოლივუდის ვარსკვლავია მაგაზეც ძალიან  მეცინება და ვისაც ჩემსავით არ ეცინება ვურჩევ ჩამომითვალოს 10 ჰოლივუდური ფილმი,   სადაც ჩვენს ვარსკვლავს ბუჩქის როლი არ ექნება ნათამაშები. იმას არ ვგულისხმობ მთელი საქართელო ბოლომდე რომ უყურებდა იმედით - აი ბოლოს ნახეთ ჩვენ ხელში გაზრდილი  ლევანია ამერიკის პრეზიდენტს რავა დაითრევს თმითო. რატომ ზის ბატონი ლევანი ამ ჟიურიში, რატომ სცდება დიდ კინოს? რას აფასებს ? რას არ აფასებს ამის გამხელას რეჟისორი არ გვპირდება.

3)ნანუკა
ძაღლიც წაეყვანათ, როსტოზე უკეთ კი იცეკვებდა
როდესაც როსტოს პროქტში მონაწილეობა შესთავაზეს,  ალბათ ნანუკამ შეიცხადა ასე უპატრონოდ რავა გოვუშვა ბავშვი იმ მილეთის ხალშიო და ასე თმადოუვარცხნელი გამოყვა მისი ინტერესების მუდმივ დამცველად. რაც არ უნდა ილაპარაკონ პროფესიონალებმა რომ ამა თუ იმ მონაწილემ იცეკვა მუსიკის გარეშე, ტლანქად, ზანტად, საერთოდ არ უცეკვია, არ არსებობს იქ ნანუკა არ ეცეს სიტყვებით  - სამაგიეროდ უხთება. რანაირად შეიძლება ადამიანს მუსიკიდან ამოგდებული ცეკვა უხთებოდეს ამის გამხელას რეჟისორი ასევე არ შეგვპირებულა. თუმცა როსტოს გარდა ნანუკას მაგ შოუში მეორე ფავორიტიც ყავდა - სამარგალოს მაფშალზე მოგახსენებთ.  ლელა მაინც ლელააო დიდი ხანია შევეჩვიეთ ალასნაირად არის.  ბოძებივით ფეხებზე მინი-იუბკა რომ აცვია, მაგრამ მაინც უხება იმიტომ რომ ალაა და ალა მაინც ალაა. ამიტომ აბსოლუტურად ყველა გამოსვლაზე ლელას ნანუკასგან დიდი ხოტბა ხვდებოდა წილად ასეთი სითამამისთვის (ალბათ გულში ფიქრობდა ყოჩაღ შენ გაბედე ის მე რომ ვერ გავბედავდიო) მაინც რა არის სითამამე? სცენაზე უთავბოლო ძონძროხს + უაზრო ამბცია, მაგას ვიცი მე სხვა სახელი ერქვა ახლა აღარ მაგონდება. 

თუმცა ნანუკა მაინც არ არის დასაკარგი, რადგან ერთადერთი ჟიურის წევრია ვინც ქართულად ლაპარაკობს, კარგად თუ ცუდად აღარ აქვს მნიშვნელობა, მთავარია ქართულად. 

4)გოჩა


შეიძლება ითქვას რომ ამ შოუს ყურების ერთადერთი მიზეზი იყო გოჩა ჩერტკოევი . პირველი დანახვისთანავე მივხვდი რომ ის ის იყო. ზევითავ ვწერდი - ყელში ამოვიდა ყველაფერზე ტაშის მკვრელი ჟიური. აუცილებელია  ადამიანი ვინც პროფესიონალურად შეაფასებს მოცეკვავეს და თუ საჭიროა იმასაც ეტყვის - წადი ბიძია სახლშიო. მკაცრი ჟიურ ბატონ გოჩამდეც გვყავდა -  დედუციიი მარინა ბერიძე,  თუმცა მისი შეფასებეი უფრო შეურაცმყოფელი იყო ვიდრე კრიტიკული. ასე რომ მე პირადად ვისურვებდი ბატონი გოჩა შემდეგ შოუებშიც მეხილა ჟიურის წევრად. ხელფასს მაინც არ ვუხდით და რა გვენაღვლება?!




ხომ ვართ მათხოვრები?!




06 Май 2012

ელენე



მე რომ ჩემი საყვარელი მწერლის ერთ-ერთი საყვარელი პერსონაჟი ვიყო ერთ საყვარელ ქალაქში გადავსახლდებოდი, თუმცა შესაძლოა ასეთი გადაწყვეტილება არც მაშინ მიმეღო, რადგან ზუსტად მეცოდინებოდა რა ტრაგიკული ბედი მელოდა ამ საყვარელ ქალაქში ბოლოს.

 ჰო ცუდია როცა წიგნი ბოლომდე გაქვს წაკითხული.

 თუმცა შეიძლება მაინც გადავსახლებულიყო, რადგან როგორც წიგნის წამკითხველს ისიც მეცოდნებოდა,  რომ სანამ მისი ისტორია ტრაგიკულად დასრულდებოდა წინ რამდენიმე ბედნიერი თვე მელოდა ამ საყვარელ ქალაქში. 


p.s. პროფილი შეიცვალე თუ რა გჭირსო?
არაფერიც, მე ყოველთვის ვწერდი იმაზე,  რაც მაწუხებდა.
უბრალოდ სხვა დროს უფრო ბევრს.

13 Апрель 2012

მამაო, შეიწყალე ბებიაჩემი აგრიფინე.

ბლენა
   

    ბებიაჩემი აგრიფინე საოცრად მორწმუნე ქალი იყო, თუმცა როგორც ყველა სოფელში მცხოვრებ ბებიას, იმასაც განსაკუთრებული და მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი თვისებები ჰქონდა. "არაფერი მწამს ქალაქურიო!"  - იძახდა დღეში სამჯერ მამაო ჩვენოსავით და ღმერთისთვის დასანთებ სანთელსაც საკუთარი ხელით ამზადებდა.

   ბებიაჩემი აგრიფინე, მართალია საოცრად მორწმუმენ ქალი იყო, თუმცა დიდი განათლებით მაინც ვერ დაიკვეხნიდა, მის დროს არც ფეისბუქი არსებობდა, არც ბლოგი და სოც. მედია.   ასე რომ ერთ მყუდრო სოფელში ჩაკეტილი,  დიდი რუდუნებით რომ გამოჰყავდა ღმერთვისთვის დასანთელი სანთელი, ალბათ ვერც კი წარმოიდგენდა ასეთ დიდ ცოდვას თუ ჩადიოდა. მას ხომ  ამ სანთლის არც დამზადების და   არც დანთების არანაირი ლიცენზია არ გააჩნდა.  თუმცა ლიცენზია აბა საიდან ექნებოდა?! ბებიაჩემ აგრიფინეს ღმერთი ჯერ კიდევ მაშინ სწამდა, როცა არც აღნიშნული ლიცენზიის გამცემი საპატრიარქო არსებობდა და არც მისი არსებობა-არარსებობის შემმოწმებელი "ანაფორიანნი". არც ასეთი სულგრძელი მღვდელი ასულა მასთან სოფელში მისთვის ღვთის ნება რომ ეუწყებინა:
     - "ქალო, შენი ასეთი საქციელი ღმერთს არ მოეწონებაო..."

   "არ ცოდნა არ ცოდვააო!" - მართალია ბებიაჩემი აგრიფინე ამ ანდაზას დიდად არ ეთანხმებოდა, მაგრამ ჩვენ როგორც განათლებული,   პროგრესული და ფეისბუქნანახი  თაობა ვიყოთ უფრო შემწყნარებელნი,  ასე რომ მამაო, გთხოვ შეიწყალე ბებიაჩემი აგრიფინე. !!!


პოსტი ეძღვნება პაატა შამუგიას პოსტს "მღვდელო, თქვი არა!"


ვიდეოს ლინკი

10 Апрель 2012

მიზანი



"მიზანი მაცდურია, ბატონებო.  სანამ მიაღწევთ თქვენი გგონიათ; როცა მიაღწევთ, მაშინღა მიხვდებით, რომ სხვისი ყოფილა.  ცხვრის ფარა ბღავილით ბრუნდება საძოვრიდან და ფარეხში ისე მიდის, როგორც საკუთარი მიზნისკენ. უკან კი მწყემსი მისდევს შოლტით ხელში.... "

ჯ. ქარჩხაძე "მდგმური"


    საერთოდ არ მიყვარს წიგნების რჩევა, რადგან მე როგორც ჭეშმარიტ ეგოისტს ყველა კარგი წიგნი მხოლოდ საჩემოდ მემეტება, სხვისთვის განაწილებული კარგი წიგნები კი მერე თავადვე მეხამუშება. მაგრამ ამ წიგნის წაკითხვას კი ნამდვილად გირჩევდით, მხოლოდ იმიტომ რომ გაიგოთ რამდენ მიზანს მიაღწიეთ ისე საკუთარი რომ გეგონათ და თურმე სხვისი რომ ყოფილა.
     ასე რომ,  მიზანდასახულო და მიზანმიმართულო ადამიანებო! გირჩევთ ჩაუჯდეთ ამ წიგნს რომ მერე სულ სხვა გზაჯვარედინზე არ აღმოჩნდეთ სხვა გზაჯვარედინზე მიმავალნი....
   
     თორემ ძნელია მიზანი მიღწეული რომ გგონია და მერე მიხვდები რომ სულ სხვა გზაზე წამოგიყვანეს და ამით იმ ჭეშმარიტ მიზანს აგაცდინეს, რომლიც მიღწევა სულ მარტივი იყო, შენ კი ბეცი ცხვარივით ესე თავაუღებლად, მუხლჩაუხრელად და მიზანმიმართულად  მიერეკებოდი ფარეხისკენ... 




19 Март 2012

Blogger Press



"- კრიტიკა არ დაგავიწყდეს. მე მიყვარს კრიტიკა
მარტო ქება და ვაიმე რა კარგები ხართს ვერ ვიტან


-სად გინახია ოდესმე ჩემი ვაიმე რა კარგები ხართ?

-ეგეც მართალია"


შესავლის ნაცვლად: 

მე კი არ მიყვარს კრიტიკა, განსაკუთრებით ახალგაზრდების ენთუზიაზმით წამოყებულ საქმეზე და თან პირველივე გადაცემაზე თუმცა ჩავთვალოთ რომ ახლა მე შეკვეთილ პოსტს ვწერ.  ამ კვირაში გაეშვა ახალი გადაცემა "Blogger Press ", რომელსაც სრულიად ბლოგოსფერო ელოდა, ან სურდათ რომ დალოდებოდა, გადაცემა 3 ნაწილისაგან შედგება და მას 3 ბლოგერი უძღვება

  • ნაწილი პირველი -" სოციალური მედიის სიახლეები მსოფლიო მასშტაბით და სასარგებლო რჩევები" - წამყვანი ადო

Add caption
ყოველთვის ვფიქრობდი რომ ადო არაჩვეულებრივი წამყვანი იქნებოდა, თუ მას თავისუფლად ჩავაცმევდით , ფერებს დავუმატებდით, თმას ცოტა ავუჩეჩავდით და რაიმე ლამაზად მოხატულ კედელთან დავაყენებდით. ასეთ შემთხვევაში ის   საკამოდ ლაღად და თავისუფლად შეძლებდა  ესაუბრა ნებისმიერ თემაზე, თუმცა ვიდეოს ჩართვისთანავე ეკრანზე სულ სხვანაირი ადო დამხვდა - ზედმეტად გამოწკეპილი, ზედმეტად დაუთავებული, ზედმეტად დავრცხნილი - პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, ხმა რომ გამეთიშა იგი  თავისუფლად დააკმაყოფილებდა ახალგაზრდა პერსპექტიულ დიქტორის  კრიტერიუმებს საბჭოთა კავშირიდან. შეიძლება ითქვას, რომ ადო ვერ იჯდა თავის ტყავში და ალბათ ამიტომაც იყო ასე სასწაულად დაძაბული, რეალურად ტექსტი რომელსაც ის კითხულობდა საკმაოდ საინტერესო იყო, ეხებოდა საკმაოდ საინტერესო თემებს და სასარგებლო რჩევებიც ჰქონდა,  თუმცა ამ ყველაფერს ისე ჩრდილავდა მისი დაძაბულობა რომ დიდი ძალისხმევა დაგჭირდებოდათ ტექსტისთვის რომ გედევნებინათ ყური. გარდა ამისა ოდნავ არეული და დაულაგებელი იყო ინფორმაციის გადმოცემაც.
არა, ადოსგან შესანიშნავი წამყვანი დადგება, უბრალოდ ცოტა გახადეთ ამ ბიჭს. :))

ასეთი ადო მიყვარს მე :))

პირველი ნაწილისგან განსხვავებით მეორე ნაწილი უფრო იოლად წავიდა. თემომ ჩემდა გასაკვირად პროფესიონალი ჟურნალისტივით ჩამოარაკრაკა ტექსტი და სტუმართანაც საკმაოდ ლაღად  გადავიდა შეკითხვებით. ამ ბლოკს ყველაზე წარმატებულად მივიჩნევ ზოგადად, შესაძლოა იმიტომ რომ აქ ძირითადად აქცნეტი სტუმარზე იყო, ანინა სასიამოვნო სტუმარი გამოდგა.  მომეწონა ასევე ის რომ კითხვებს სვამდა ფბ-ს მომხმარებელი. თუმცა ინფორმაცია თუნდაც სტუმრის შესახებ ზედმეტად მწირი იყო, მე მესმის რომ გადაცემას უყურებენ ძირითადად ის ადამიანები ვინც კარგად იციან ვინ არის ანინა, თუმცა მოკლე მონახაზის გაკეთება მაინც არ იქნებოდა ურიგო, სანამ ანინა გასცემდა პასუხს კითხვაზე რთულია იმის მიღწევა რასაც შენ მიაღწიე, ჯერ გვეთქვა რას მიაღწია.  ეს საინტერესო იქნებოდა.



ეს არის ნაწილი რომელსაც მე დიდი ინტერესით ველოდი, რადგან მიმოხილვა ყველაფრის ძალიან მიყვარს,  თუმცა ასეთი არა.  ვფიქრობ ის  ზედმტად მშრალი იყო, აი მაგალითად თვაილაითის ბლოგის მიმოხილვიდან მხოლოდ ის იყო ნათქვამი რომ იქ დევს პოსტი თვაილაითზე   (უცნაურია არა?! მეც გამიკვირდა) გარდა ამისა  მოუწესრიგებლად მეჩვენა ტექნიკური საკითხები -  ბლოგების მიმოხილვის დროს არ იყო ნაჩვენები ბლოგის დიზაინი,  მისამართები, ასე რომ თუ რომელიმე ბლოგის წაკითხვის სურვილი გაგიჩნდებოდათ ალბათ უნდა დაგეგუგლათ. მე მესმის, რომ ყველაფერი დროსთან არის დაკავშირებული, თუმცა რაც ასეთ დელიკატურ საკითხებს შეეხება მე ყოველთვის რაოდენობის შემცირების ხარჯზე ხარისხის გაზრდის მომხრე გახლავართ. ანას რაც შეეხება ადოსგან განსხვავებით მხოლოდ შინაგანად ღელავდა და ცდილობდა კარგად დაეფარა ეს. საერთო ჯამში კი შეიძლება ითქვას რომ დალაგებული და გადაცემას კარგად მორგებული წამყვანის შთაბეჭდილება დატოვა.

ოღონდ ცოტა თმას შეეშვას, მთელი ყურადღება თმის უკან გადაგდების მოძრაობისკენ რომ არ იყოს მიმართული

  • ნაწილი მეოთხე
 ამას საერთოდ თუ ამოიღებენ ძალიან კარგი იქნება, რომელიღაც სამხედრო სასამართლოს მოსამართლეებს გვანან, ახლახანს რომ უნდა გამოაცხადონ სასიკვდილო განაჩენი. გარდა ამისა ძალიან დიდ მინუსს დავუწერდი ქუდს და სტუდიის ფერებს რომელიც საშინლად არ მომეწონა.


P.s. მთავარი რჩევა ჩემგან,  რაც ვიცი რომ ფეხებზე გკიდიათ, მაგრამ მე ფულს მაინც ამაში მიხდიან არის ის რომ ცოტა უფრო ლაღები და გახსნილები გახდეთ, იმასაც გეტყვით ეს როგორ უნდა გააკეთოთ, უბრალოდ უნდა გახსოვდეთ ვინ არის თქვენი მაყურებელი.  ჩვენ არ ვართ უცხოპლანეტიდან მოსული ტიპები, ჩვენ ის ხალხი ვართ ვისთანაც თქვენ ყოველდღიურად თუ არა ყოველთვიურად მაინც გიწევთ ურთიერთობა. თქვენ ჩვენთის მუშაობთ <3


P.p.s. ვისაც აინტერესებს, საერთოდ რაზე იყო საუბარი, იხ. ვიდეო

04 Март 2012

სტუდენტს რა უნდა სამსახურში?!

"სტუდენტი ვიცი მე აუდიტორიაში წიგნით ხელში
 და არა ქუჩაში -  ცოცხით"  

ერთ-ერთი პოლიტიკოსი, აი ის ციხეში რომ იჯდა, თუ ასეთი ბევრია?


 "- რომ გაავსეთ საქართველო ჩინელებით, ქართველი მუშახელი დაილია?
- სად ვიშოვო მე ისეთი ქართველი დილის 5-დან საღამოს 7-მდე რომ იმუშავებს ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, თან ისე ცემენტს და აგურს სახლში რომ არ წაიღებს?!"
რიტორიკული კითხვა


ერთი საშუალო სტატისტიკური ქვეყნის საშუალო სტატისტიკურ ფორუმზე ერთმა საშუალო სტატისტიკურმა სტუდენტმა სავარაუდოდ მდედრობით სქესის წარმომადგენელმა ასეთი შინაარსის თემა გახსნა:

"> ვიმუშავებ ჭურჭლისმრეცხავად, საღამოს 5 საათიდან 10-11 საათამდე
ან რამე მსგავსი. ვარ 20 წლის სტუდენტი, უბრალოდ მესაჭიროება თანხა სწავლისა და ყოველდღიური ცხოვრებისათვის "

აღნიშნულმა  გული აუჩუყა და სიმწრის ცრემლი აღვრევინა საშუალო სტატისტიკურ ფორუმელებს, ერთი კი განსაკუთრებით გაანაწყენა:

" მიშა შენი დედას.......... ხო იცი რატო?20 წლის გოგოები რო ჭურჭლის რეცხვაზეც თანახმა არიან ლიჟბი თავის გასატანი ფული იშოვონ აი ამიტომ!!!!!"




 საერთოდ  ვგიჟდები, როცა ყველაფერში პრეზიდენტია დამნაშავე,   აბა ეს რა მთავრობა მოვიდა სტუდენტებს მუშაობა მოანდომა ესაა საქმე? სტუდენტი უნივერსიტეტის კიბეებთან უნდა იდგეს და მინიმუმ  "სემიჩკას" იფურთხებოდეს

.
ან  20 წლის გოგო რატომ უნდა მუშაობდეს ჭურჭლის მრეცხავად?  რატომ არ შეიძლება პირდაპირ ავიყვანოთ და მინისტრად დავნიშნოთ? ცოტანი გვყავს ასეთები თუ?

მიუხედავად იმისა რომ პოსტში ნათლად არის ხაზგასმული რომ ჭურჭლის მრეცხაობა წარმოადგენს ამ სტუდენტის არა  თვითმიზანს  ან საოცნებო სამსახურს , არამედ მხოლოდ დროებით არსებობის საშულებას  ხალხი მაინც ღელავს, ასაღელვებელია აბა რა არის რატომ უნდა სჭირდებოდეს სტუდენტს თავის რჩენისთვის მუშაობა?   რატომ არ უნდა ყავდეს ვინმე გაზულუქებული მამა, ან ბიძა რომელსაც მთელი თავისი გოგოშკური კაპრიზებით, დაქალუშკებით და აკვაიტებებით დააწვება მხრებზე?

იღუპება ბავშვი.  იღუპება კი არა პრაქტიკულად დაღუპულია უკვვე.  აბა 20 წლის ბავშვს რა უნდა სამსახურში? სახლში უნდა იჯდეს თბილად, რბილად და განცხრომით  ( როცა უნივერსიტეტის წინ სემიჩკა არ ექნება საფურთხი) სიგარეტის ფულს მშობლებს უნდა სთხოვდეს,  დეპრესია და ინსომნია ერთდროულად უნდა სტანჯავდეს ღამით, სამაგიეროდ დღე უნდა ეძინოს გვიან ვახშმობამდე, აბა რა მისი საქმეა (გნებავთ საკადრისია ) მუშაობა,  20 წლის ბავშვი კომპიუტერთან ვიცი მე გაფუფუნებული, ყავა სიგარეტი, ჩიფსები და ნუტელა რომ არ უნდა მოაკლდეს თან ისე. 


რა თქმა უნდა  ყველაფერში მიშაა დამნაშავე იმიტომ ევროპელობა რომ მოინდომა, იმათ რას ვუყურებთ?  იქ ხომ ადრეული ასაკიდან იწყებენ მუშაობას და მშობლები ყავთ ისეთი გულქვები 18 წლიდან სახლიდან ყრიან თავიანთ სისხლსა და ხორცს.  არა, დაღუპულია ბავშვი, უეჭველად დაღუპული.


p.s. დარვინი მართალი იყო, როდესაც ამბობდა შრომამ შექმნა ადამიანიო, ხოლო მას ვისაც შრომა ეზარება, ან მეტიც ეთაკილება ადამიანად შედგომა არ უწერია და ისევ მამა- პაპის დატოვებულ ტახტზე კნიაზურად გაშოტილს ყველა სტრატეგიულ პროექტს 9 მთის იქიდან ჩამოყვანილი ჭიანჭველებივით მოფუსფუსე ხალხი უშენებს, მას კი ძალიან უკვირს რატომო?

თქვენ ხომ არ იცით რატომ?

23 Февраль 2012

ჰალუცინაცია - Dr. Frankenstein




("ადამიანები თეთრებში"-  ნაწილი II) 


 "-ისევ არ ვიცით პაციენტს რა სჭირს
-გამორიცხვის მეთოდით მიუდექით
-ეგ როგორ?
-დაავადებათა ენციკლოპედია აიღეთ და ასო "ა" -დან დაიწყეთ"

"House M.d. "



ოთახის ოთხივე კედელი ბოლომდე იყო შევსებული დიპლომებით, სერთიფიკატებით და მიღწევებით, იმდენად ბოლომდე რომ არსად დარჩებოდა ადგილი კიდევ ერთი დიპლომისთვის. ლიკა ფიქრობდა, რომ ან ამ კაცს ზუსტად იმხელა კაბინეტი გამოუყვეს მისი დამსახურებები რომ დატეულიყო, ან თავადაც მხოლოდ იმდენი ისწავლა, კაბინეტში რომ დაეტია.
თავად კაბინეტის მასპინძელი, რომელიც რატომღაც ექიმ ფრანკენშტეინს ჩამოგავდა  დიაგნოზს ისე კითხულობდა თითქოს სტუდენტის ნაწერს ასწორებსო, ბოლოს თავი ასწია და თქვა:
- რომელმა იდიოტმა დაწერა ეს?
ამგვარ ფრაზას როგორც ჩანს არავინ ელოდა, განსაკუთრებით  კი კედელზე დაკიდებული დიპლომები.
-არ მახსოვს - თქვა ლიკამ,  არადა ახსოვდა
-ის თუ მაინც გახსოვთ,  საერთოდ ბრმა იყო თუ ცალი თვალით მაინც ხედავდა, როცა თქვენს ასაკში ასეთ დიაგნოზს სვამდა?
- მითხრეს,  რომ უნიკალური შემთხვევაა
- კი, უნიკალური განათლების შემთხვევაა.

ცოტა ეწყინა, არა იმიტომ რომ სულ ახლახანს მის თვალწინ გალანძღეს ადამიანი, რომელიც ისედაც იდიოტად მიაჩნდა, არამედ იმიტომ რომ  თუ ერთმა თეთრებში ჩაცმულმა ადამიანმა მაინც იცოდა რა ხდებოდა მის თავს, ე.ი. ის აღარ გამოდიოდა ექიმ ჰაუსის პაციენტი ...

 ***

-ეს მტკივნეულია ხო?
-ადრეც ჩაგიტარებიათ მსგასვსი პროცედურა?
-არა
-აბა საიდან იცით რომ მტკივნეულია?
-ჰაუსში ვნახე
-მოეშვით სერიალების ყურებას
მერე კისერში ტკივილი იგრძნო დაბნელდა და ბოლო სიტყვები რაც გაიგონა იყო  "პულსი აღარ აქვს"



***

-თქვენი ძაღლი როგორ არის?
-მოკვდა
-რისგან?
-კიბო სჭირდა
-არ გაახმაუროთ,  იმიჯს გაგიფუჭებთ
- 16 წლის იყო, როცა 16 წლის ხარ და თან ძაღლი ამ ცხოვრებისგან კარგ აღარაფერს უნდა ელოდო, ვინც არ უნდა იყოს შენი პატრონი...


ლიკამ დაინახა ან მოეჩვენა რომ დაინახა როგორ ასაფლავებდნენ 16 წლის ძაღლს, საერთოდაც ბოლო ხანებში ბევრი რამ ეჩვენებოდა. მაგ: ის რომ მას სხვებზე მეტ სისხლს უღებდნენ, რომ მისი წვეთოვანი სხვებზე სწრაფად მოძრაობდა, რომ მის ექიმებს ხშირად უკვდებოდათ შინაური ცხოველები, რომ მისი პალატის კედლები უფრო  ღიად იყო შეღებილი, ვიდრე სხვისი, რომ ზოგჯერ თეთრხალათიანი ადამიანები განსაკუთრებული ყურადღებით ექცეოდნენ, რომ სხვა პაციენტები მასზე უბედურები იყვნენ, რაც უდავოდ ავისმომასწავებელი იყო, რადგან ალბათ მათ იცოდნენ  რა სჭირდათ, მან კი  - ჯერ არა,  შეიძლება მათ იცოდნენ - ადამიანებმა თეთრებში, მაგრამ ისინი არასდროს საუბრობდნენ ენით რომელზეც ძირითადად დედამიწაზე მცხოვრები ადამიანები იყენებენ  ხოლმე.

***
-კიდევ უყურებთ იმ სულელურ სერიალებს?
-კი
-ბოლო სერიაში რა მოხდა?
-ბოლო სერიაში პაციენტი მოუკვდა
-არ გადამრიო
ტკივილი ისევ კისრიდან დაიწყო და ამჯერად ხერხემალს ჩაუყვა,  მერე ძველებურად დაბნელდა და ამპულის გადატეხვის ხმის გარდა აღარაფერი გაუგია. 


თვალის გახელამდე გრძნობდა შუბლზე რაღაც მძიმე და ცივი ეხებოდა, თვალი რომ გაახილა მერე მიხვდა ეს მაჯის საათი იყო, რომლის პატრონიც მის ციფერბლატს აკვირდებოდა.
-სახელი შემახსნენეთ
-ლიკა
-ლიკა,ისეთი სახე გაქვთ, ხალხი იფიქრებს, იმ ქვეყნიდან მოაბრუნაო..
-ხალხი ბრძენია... 


P.s. ავტორი იმედოვნებს, რომ მკითხველი შეძლებს გაგრძელების წაკითხვასაც.  


პირველი ნაწილი - "23 სკამიანი მოსაცდელი "

15 Февраль 2012

23 სკამიანი მოსაცდელი

("ადამიანები თეთრებში" ნაწილი I )


"თუ გული გტკივათ ე.ი. ავად ხართ, 
თუ გული სხვის გამო გტკივათ - ე.ი. იდიოტი ხართ"-House M.D.

მოსაცდელები ძირითადად ერთნაირი იყო, 23 სკამიანი, ძირითადად 23 სკამიანი, გულის სიღრმეში იცოდა რომ იქ ზოგჯერ 23 სკამზე მეტი იყო, თუმცა მეტის დათვლას ვეღარ ასწრებდა, ყოველთვის ვიღაც აწყვეტინებდა ფიქრს, ძირითადად ამ ვიღაცას თეთრები ეცვა.

* * *

-მე მელოდებით?
არ იცოდა ვის ელოდებოდა, ამიტომ დაუფქირებლად დაუქნია თავი კაცს,  რომელსაც თეთრი წვერი და იმდენად სანდომიანია სახე ჰქონდა ძნელად იფიქრებდით,  რომ ექიმი იყო.
-შეგიძლიათ გაიხადოთ, რა გქვიათ?
-ლიკა
-დაწექით
-მეტკინება?
-არ გრცხვენიათ?
სცხვენოდა, მაგრამ მაინც დარწმუნებული იყო, რომ  ყველა სამედიცინო პროცედურა აუცილებლად მტკივნეული უნდა ყოფილიყო, ეს ისევევ გარდაუვალი კანონზომიერება იყო, როგორც ამ პროცედურის ჩამტარებელი ხალხის ხალათის ფერი.
ბურთულა ნაზად დასრიალებდა კანზე და ტაილანდური მასაჟივით სასიამოვნო იყო, ისე არც ტაილანდური მასაჟი ჩაუტარებია როდისმე,  თუმცა  ზუსტად იცოდა რომ ის სასიამოვნო უნდა ყოფილიყო, ისევე როგორც ყველა პროცედურა რომელსაც თეთრხალათიანი ადამიანები ატარებდნენ - მტკივნეული


***

-რა გქვია?
-ლიკა
-რას აკეთებ ლიკა?
-ვწევარ გაუნძრევლად, როგორც მითხარით..
-არა, საერთოდ რას აკეთებთ?
-საერთოდ ჟურნალისტი ვარ.. 
-უფრო უარესი პროფესია ვერ შეარჩიეთ?
-კი, ექიმობა მინდოდა , მაგრამ ნემსის მეშინია
-ნემსის თუ  გეშინია, ეს წარბი რად გაქვს დაცხრილული?  კონკრეტულად რას აკეთებ?
- დილის პროგრამაში ახალ ამბებს ვამზადებ.
-მერე რა არის ყოველ დილით გულს რომ გვიხეთქავთ, დილაუთენია ჩართავ თუ არა ტელევიზორს წაგლეკავს ღვარცოფები და მიწისძვრები.
ლიკა მიხვდა რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში თეთრებში ჩაცმულ ადამიანს სულაც არ ანაღვლებდა ეს პრობლემა, მას საუბრის უბრალოდ სხვა თემაზე გადატანა სურდა  და ამაზე უკეთესი საშუალება რა უნდა ყოფილიყო თუ არა არაპროფესიონალი ჟურნალისტები. 
-მტკივა
-აცალე იმოქმედოს წამალმა
-რაღაც ძალიან ნელა მოქმედებს ...
-ახალი ამბავი ხომ არ არის,  ტყვიასავით დაგეტაკოს?!


ისინი -  თეთრხალათიანი ადამიანები არასდროს ლაპარაკობდნენ გასაგები ენით, ფურცელზე დაწერილ სიტყვებს არასდროს ხსნიდნენ, ერთამანეთის დაწერილ დიაგნოზსს უინტერესოდ კითხულობდნენ, თუმცა სრული სერიოზულობით ეთანხმებოდნენ, ერთმანეთთან კი ძირითადად ასეთი ფორმით საუბრობდნენ:
- რასაც თქვენ ამტკიცებთ,  ხომ ხვდებით რომ მისი შანსი მინიმუმია
-რასაც თქვენ ამტკიცებთ ეს კი საერთოდ წარმოუდგენელი
-მაშინ რას სჭირს ამ ბავშვს?
-მაგის საკითხავად არ შემოვედი?!

ბავშვი კი ისევ გაუნძრევლად იწვა და ისევ ის ბურთულა დასრიალებდა მის სხეულზე. გვერდით მჯდომი ადამიანი კი მშვიდი დაბალი ტონალობით კარნახობდა სიტყვებს ფარდის უკან მჯდომ გოგონას,  რომელსაც ლიკა ვერ ხედავად თუმცა დარწმუნებული იყო მას გრძელი თითები და მუქად შეღებილი ტუჩები უნდა ჰქონოდა. მისი თითები ისევე რეაგირებდა თეთრებში ჩაცმული მოხუცის სიტყვებზე როგორც მტკივნეული კბილი - შეხებისას.  სიტყვების მნიშვნელობა ლიკას არ ესმოდა მაგრამ მისი წარმომთქმელის ტონის მიხედვით ხვდებოდა ყველაფერი რიგზე უნდა ყოფილიყო.

 ამის შემდეგ ყოველთვის როდესაც 23(?) სკამიან მოსაცდელებში მიაბიჯდებდა ან 23(?) სკამიან მოსაცდელებში იცდიდა,  სადღაც გულის სიღრმეში სჯეროდა რომ ზოგიერთი სამედიცინო პროცედურა სულაც არ იყო მტკივნეული, ისევე როგორც ყველა თეთრებში ჩაცმული ადამიანი - საშიში პირიქითაც კი, თუმცა ეს მხოლოდ გამონაკლისი იყო რაც ისევ და ისევ წესის მართებულობას ადასტურებდა.


....
P.s. ისტორიის სიდიდის გამო დროებით ვწყვეტ თხრობას
შეგიძლიათ დაელოდოთ მეორე ნაწილს



ჩვენ

    


  მე ჯერ კიდევ ვერ გადავეჩვიე ისტორიების მოყოლას მშრალი თვალებით, რისთვისაც უმეტესობას ბოდიშს გიხდით და რის გამოც კიდევ უფრო მიყვარდება ერთი ადამიანი.