26 сентября 2008

:(

ქალი იყო მწვანეთვალება.. თეთრი, სანდომიანი და თბილი გამოხედვით.
ბავშვი იყო შავგრემანი, ასევე მწვანეთვალება და საოცრად გავდა მამას.
ქალს ორი შვილი ყავდა, ერთი თან ახლდა, მეორე სახლში უცდიდა,

ქალს ამჟამად ორი შვილი ყავდა, მაგრამ 2 წლის შემდეგ აუცილებლად ეყოლებოდა კიდევ ერთი..
ისიც მასავით მწვანეთვალება. ოდნავ მელანქოლიური ხასიათით.… 15 წლისას ძმის ძმაკაცი შეუყვარდებოდა. და მელანქოლიას დეპრესიაც დაემატებოდა, 2 წლის შემდეგ ძმის ძმაკაცი ძმის მეჯვარე გახდებოდა და ისიც დაივიწყებდა მას., ანდაც შექმნიდა ილუზიას რომ დაივიწყა.

ქალს თითზე სამი ბეჭედი ეკეთა.…
იგი საკმაოდ ახალგაზრდა იყო, მაგრამ მაინც (დარწმუნებული ვარ) ეს სწორედ ის ქალი იყო, რომლიც 18 წლის შემდეგ თითზე გაკეთებულ ბეჭდებიდან ერთ-ერთს გადასცემდა ქალს, რომელსაც მისი შვილი შეიყვარებდა.
დიახ, სწორედ ის პატარა ბავშვი ეხლა ფოიეში გაკრულ აფიშებს გაკვირვებული სახით რომ ათვალიერებდა.

ქალი იყო მწვანეთვალება და საოცრად ბედნიერი.

და ამ ბედნიერ და ლამაზ ქალს ქმარი ქორწინებიდან 23 წლისთავზე მიატოვებდა ........
დიახ, ქმარი აღარ დაელოდებოდა ვერცხლის ქორწინების თარიღს და პირველი ვაჟის ქორწილზე მეორე ცოლთან ერთად გამოცხადდებოდა.

მისი მეორე ცოლი - ქალი ქერა თმით, უბრალო თვალებით, მაგრამ მაინც საოცრად სანდომიანი და მოვლილი. ამ ქალს შვილიც ყავდა პირველი ქორწინებიდან- 19 წლის. ბიჭი ვერ იტანდა მშობლებს და მიწისქვეშა გადასასვლელებში უკრავდა გათენებამდე და მერე მთელი დღე ეძინა იქ დაღამებამდე.

დღეს ქალის მწვანე თვალები საოცარი სიხარულით კრთოდა, რადგან ჯერ არ იცოდა, რომ პირველი ვაჟის ქორწილზე ის დარჩებოდა სრულიად მარტო.
მაგრამ მაინც შექმნიდა ბედნიერების ილუზიას და ისევ შვილებით დაიწყებდა ცხოვრებას......
შვილებით, რომლებიც მალე მიატოვებდნენ: პირველი ვაჟი ქორწინებიდან 16 თვის შემდეგ ესპანეთში გაემგზავრებოდა და იქ იცხოვრებდა ცხოვრების ბოლომდე.
მეორე ვაჟიც ერთ-ერთ ევროპულ ქალაქში გაემგზავრებოდა და 7 წლის შემდედ შვილთან ერთად დაბრუნდებოდა.. ( სწორედ ის ვაჟი ეხლა ტკბილეულით სავსე თასს რომ დასცქეროდა და მხოლოდ იმას ნაღვლობდა რა ფერის კანფეტი უფრო გემრიელი იქნებოდა )

ქალიშვილი- ერთადერთი ქალიშვილი, რომლის ერთადერთი სიყვარულიც ძმის მეჯვარე გახდებოდა, საქართველოს ერთ ცივ და შორეულ ქალაქს ამოირჩევდა სამუდამო ბინად.

ამის შემდეგ კი ქალი ყოველ საღამოს თავის თეთრ და ყვავილებით მორწყულ აივანზე ჩამოჯდებოდა ფინჯან ყავასთან ერთად ( ფინჯანი ყავა იქნებოდა ის ერთადერთი რომელიც მას არასდროს მიატოვებდა) დაიწყებდა ფიქრს განვლილ ცხოვრებაზე.
გაიხსენებდა უამრავ რამეს თითქმის ყველაფერს თავისი ცხოვრებიდან,,,
უბანში სრულიად შემთხვევით გაცნობილი ბიჭიდან დაწყებული...... ერთადერთი ქალიშვილის მიერ მისთვის ნათქვამი ბოლო სიტყვებით დამთავრებული.....
და ვინ იცის? იქნებ ეს საღამოც გახსენებოდა.....
როცა ის იჯდა ფოიეში უმცროსს ვაჟთან ერთად
საოცრად ლამაზი და ბედნიერი.... უსაყვარლესი ქმრის მომლოდინე....
დიახ ეს სწორედ ის ქალი იყო...
ეს ბავშვიც სწორედ ის ბიჭი იყო
მე კი ვიჯექი მეორე მხარეს...
ჩემთვის ჩუმად და თვალწინ მირბოდა ყველა სურათი ამ ქალის ცხოვრებიდან.....
და თქვენ რას იზამდით?
ეტყოდით?
მე არ მითქვამს.

3 комментария:

ნუ წახვალ ისე,
დატოვე კვალი =)