27 сентября 2008

"ვინ არის დამნაშავე?!"

ასე გვიანობამდე ჯდომა კომპთან არ შეიძლება, - თვალებს აზიანებს ღამით კითხვაც არ შეიძლება- თვალებს აზიანებს.
აბა რა გავაკეთო? :spy:
დავწვე და დავიძინო?
უფრო სწორედ კი შევქმნა ილუზია რომ მძინავს.
ვწევარ თვალგახელილი და ვფიქრობ იმ ქვეყანაზე სადაც ეხლახანს გათენდა. საათის ისრები სამს მიუახლოვდნენ და ის-ის იყო ჩემი თვალებიც უნდა დანებებულიყვნენ უძილობას, რომ........ ამ დროს ქარი ძალუმად მოაწყდა კარებს.მეგონა მთელი ქვეყნის საოცრებას ჩემს ოთახში შემოყრის-თქო.დაფეთებული წამოვხტი და უძინარი თვალებით მივაშტერდი დაუპატიჟებელ სტუმარს.
- უი გაგაღვიძე? - გაუკვირდა, თან გაუხარდა.-არა , მაინც არ მეძინება- მაშინ მოდი ერთ ამბავს მოგიყვები - მითხრა და თავისუფალ ადგილს დაუწყო ძებნა.
........ შოტლანდიის ერთ-ერთ პატარა და მიყრუებულ სოფელში ზუსტად 3 წუთის წინ გაისროლეს.ქმარმა ცოლი მოკლა. მოტივი: ეჭვიანობა გახლდა. რა ბანლურები ხართ ადამაინები. კაცის მოკვლაც კი არ შეგიძლიათ ორიგინალური მიზეზით - ჩაიქირქილა ქარმა და ამ ქირქილში იყო სიამაყე უდიდესი ძალაუფლების და სიბრალული პატარა კაცობის.
ქმარი ყოველთვის საღამოს შვიდზე ბრუნდებოდა სახლში. ერთ დღეს მას დაურეკეს და სთხოვეს ექვსზე მიუსლიყო. ექვსზე სახლში მისულ ქმარს, ცოლი ვიღაც უცნობ კაცთან ერთად დახვდა.
მან აიღო იარაღი და ერთი გასროლით ქალის უსულო სხეული უკვე ძირს ეგდო. - დაასრულა ქარმა.
პაუზა.....
-ნეტა არ იცოდე რა ამ ზღაპრების მოყოლა- თავი გააქნია მთვარემ.
-ზღაპრების მოგონება და მერე მათი უფრო ლამაზად მოყოლა ეგ შენი ხელობაა, მე იმას ვამბობ რაც დავინახე. - არ შედრკა ქარი.
- ის კაცი ცოლს არ მოკლავდა- თქვა მთვარემ ,. ასე ალბათ დედები იფიცებიან სასამღტლოში, რომ მათ მკვლელი არ გაუზრდიათ. -არც ერთი ეშმაკი არ დაბადებულა ეშმაკად, თავიდან ყველა ანგელოზი იყო. - და საყვარელს რა ბედი ეწია? - ვიკითხე მე- საყვარელს არაფერი, პოლიციამ დააკავა ორივე, სანამ პოლიცია მოვიდოდა ორივე გაშტერებული უყურებდნენ ერთმანეთს, როგორც ძველი საყვარლები და ვერც ერთს მოეფიქრებინა გაქცევა და ვერც მეორეს- მეორედ სროლა. მე კი ქმრის ადგილზე პირველს საყვარელს ვესროდი.
-რატომ ესროდი?- იკითხა მთვარემ იმდენად მშვიდად რომ ერთი წამით ქარიც კი ჩადგა.
-როგორ თუ რატომ?
- ხო აი რატომ ესროდი?
ქარს რომ შესძლებიოდა - უხმოდ მოგუდავდა მთვარეს.... დაახრჩობდა და რომელიმე კლდეზე გადაჩეხავდა, როგორც მორიგ მსხვერპლს, მაგრამ არ შეეძლო , ქარსაც კი არ შეეძლო. ამიტომ დაცხრა, დაჯდა და ირონიულად იკითხა
- შენ ალბათ დაჯდებოდი და ვისკის დალევდი შენი ცოლის საყვარელთან..... არა?
- არა, მე ავდგებოდი და იმ ნაგანს შუბლში დავიხლიდი.... იმ კაცის ადგილზე. ქარს ეხლა ჩემი თმებიც კი აღარ ართობდა. ჩვენ ორივე გახევებულები მივშტერებოდით მთვარეს.
ის იდგა ჩუმად, გაუნძრევლად, ბოლოს კი თქვა:" უპატრონო ეკლესიას ეშმაკები დაეპატრონენო"- ნათქვამია, შენ როგორ გგონია ვინ არის ამაში დამნაშავე? -ეშმაკები - ვთქვი მე. ქარმა შემომხედა... ისეთი თვალებით თითქოს უნდოდა ეთქვა რა სისულელეს ამბობო?
- ყველაფერს ამ საცოდავ ეშმაკებს ნუ აბრალებთ- გაიცინა მთვარემ.- დამანაშავე არც ეშმაკია და არც ეკლესია. დამანაშავე ის არის ვინც ეს ეკლესია მიატოვა.
- ის ამჯამად უკვე მკვდარი ქალი - ჩაიცინა ქარმა - რამდენადაც მე მახსოვს არავის მიუტოვებია.
მთვარემ გაიღიმა. ქარი აბობოქრდა მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ გაბედა ღამის უცვლელ და ფხიზელ გუშაგთან კამათი.
- გარკვეულწილად მეც ვარ დამნაშავე - ჩიბუხი მეორე ხელში გადაიტანა მთვარემ.
ჩვენ დავდუმდით და დაველოდეთ რაღაც დიდი აღიარების მოსმენას. - მე ვუყურებდი როგორ ეპატრონებოდნენ ეშმაკები ეკლესიას. მაგრამ არაფერს ვამბობდი... რადგან...
რადგან არ მინდოდა იმ ქალის სიკვდილი ..... ჯერ არ მინდოდა.
ქარი იყო რევოლუციონერი, ახალგაზრდა და გამბედავი.. ის ყოველთვის რაიმე კონკრეტულს ხედავდა და მერე მშრალ ფაქტებს ყვებოდა.
მთვარე იყო ჩუმი და ყოველთვის ძალიან ბევრს ფიქრობდა იმაზე რასაც ხედავდა....ბოლოს ყვებოდა.
თბილისში თენდებოდა.
შოტლანდიაში ღამდებოდა.....
და მთვარეც ნელა მიეშურებოდა იქ, რათა ენახა
უსულო სხეული;
კაცი, რომელმაც არ მოკლა ცოლის საყვარელი
და
კაცი რომელიც დაინდეს, გაუგებარია რატომ?

ის მიდიოდა, როგორც დიდი ხნის ოპერ-მუშაკი, რომელიც დანაშაულის ადგილზე გამოიძახეს.
არ უნდოდა კიდევ ერთხელ ენახა, მაგრამ მაინც მიდიოდა.
ნახავდა, დაიხსომებდა, იფიქრებდა ..... ბოლოს მოყვებოდა.

Комментариев нет:

Отправить комментарий

ნუ წახვალ ისე,
დატოვე კვალი =)