02 августа 2010

გზაში ჩაწერილიდან

"მე მიყვარს ყოფნა უცნობებს შორის ისინი კაცად მაშინვე გთვლიან.
მათ არ იციან რამეს თუ წერდი,ანდა ზედიზედ იღებდი ვალებს
და როგორც შემხვედრ ორთქმავლის ელდა, ისინიც სადღაც ქრებიან მალე."
ოთარ ჭილაძე


- როგორ დაცხა, კაცო, როგორ - და სალონში ბარის ლუდით სავსე კასრი შემოაგდო - სად იყო ადრე ესეთი სიცხეები?
-თვითონ რა ენაღვლებათ? წავლენ დასასვენებლად - მომენტალურად გამოსძახეს უკნიდან.
-ვის?- მოიხედა პირველმა დაბნევით
-მთავრობას - გაისმა ისევ უკნიდან.
-ჰოოო - ჩაიცინა ლუდიანმა

მარტო მგზავრობა უაზრობაა ვითომ -კაციშვილი გვერდით არ არის ხმის გამცემი.
მარტო მგზავრობა საუცხოოა ხშირად - კაციშვილი გვერდით არ არის ხელისშემშლელი- არავინ გეტყვის რატომ მოიწყინე, რა მუსიკას უსმენ, ხომ არ გშია? იჯექი შენთვის და ფურცლე წიგნი ... რომელიც სახლში დამრჩა. უპს

ის ქალი სადღა დაიკარგა აქ გაზეთებს რომ ყიდდა?


არა.. მაინც
რა კარგი საქმეა გაზეთების გაყიდვა. თუ ერთხელაც დილით გაღვიძება დაგეზარა, ან გზაზე მანქანამ დაგარტყა, - მინიმუმ ერთი ადამიანი მაინც იკითხავს ის ადამიანი სად დაიკარგა აქ რომ გაზეთებს ყიდდაო? თუ გაიგო რომ მოკვდი გული დაყწდება და დააკლდები. აბა რომელიმე მსხვილი საწარმოს უფროსი მენეჯერი იყო და სამსახურში დაგაგვიანდეს. უფროსი დილის თათბირზე მარტივი არითმეტიკით გადათვლის თანამშრომლებს და მუშტს დაარტყამს მუხის მაგიდას თქვენი მისამართით - სად არისო?


ამ ქალმა ეს მარაო მთელი გზა ასე უნდა იქნიოს?

წამოდგება მდივანი.
თავისი ახალ ნაყიდი პრადას ფეხსაცმელით მიირბენს უფროსთან და ყურში უჩურჩულებს მოკვდაო - ეს თქვენზე. ის კი შუბლს უფრო შეჭმუხნის და ახლა კადრების მისამართით უთავაზებს მუშტს მუხის მაგიდას - მერე სად არისო შემცვლელი? და ეს ფრაზა ერთდროულად გაახარებს, როგორც უმცროს მენეჯერებს, ისე კართან ატუზულ დიპლომიან ახალგაზრდებს ( დიპლომს თუ კიდევღა შერჩა გაჭრის უნარი?)


- ისე დაცხა რომ ღამე აღარც კი მძინავს წესიერად - ისევ ჩივის ის ლუდიანი.
-ალბათ რაღაც იცი, თორემ მშვიდად დაგეძინებოდა - ისმის ისევ უკნიდან.
კაცი ტრიალდება, მაგრამ უკან კვლავინდებურად ვერავის ხედავს, ამიტომ ავიწყდება და ლუდიან კასრს კვლავ საზამთროსავით იხუტებს.



აი, ეს კაციც მოდის თავისი რუკებით, ირწმუნება მანგლისის საიდუმლო გზების რუკააო, ყველას კი ვისაც მანგლისი ერთხელ მაინც აქვს ნანახი ეცინება, მაგრამ არ იმჩნევს.
ეს გოგო კი ნამდვილად სხვა პლანეტიდან გადმოაგდეს. ისეა მორთული მგონია დიდგორთან სიძე უნდა დახვდეს მაყარ-დუდუკით. სამაგიეროდ მის გვერდით მჯდომი კი უთუოდ საქმროს ( საქმროს თუ არა და მის მინამსგავს მაინც) გამოქცევია თბილისიდან, თუმცა ახლა კი ისე დაჟინებით დაჰყურებს მობილურს თავს დავდებ პირველივე დარეკვისთანავაე მზად არის უახლოეს გაჩერებაზე ჩავიდეს და ფეხით გაუყვეს გზას გამოქცეულიდან.



- მთელი საქართველო.... მთელი საქართველო ფეხით მაქვს მოვლილი- ამბობს ჩემს უკან კაცი ომახიანად და მის გარეგნობას ერთი წამით მაინც თუ შეავლებთ თვალს დარწმუნდებით რომ არ ტყუის. - 24 წლისას უკვე ყველა კუთხე მქონდა ნანახი.
- რა გეჩქარებოდა გაგექცეოდა რომელიმე თუ?
კაცი მთელი ტანით ტრიალდება - არ გაგექცა აფხაზეთი? სამაჩაბლო, გეკითხები მე შენ, არ გაგექცა?
- კი არ გაგვექცა, ჩვენ გავაგდეთ - ამბობს წინ მჯდომი მელოტი კაცი ისე რომ გაზეთიდან თავს არ იღებს.
-ეგ მაგ გაზეთში წერია ეტყობა მასე და არ დაიჯერო იცოდე.
- აი ყველაზე მეტად ამ ქვეყნად კაცების ჩხუბს ვერ ვიტან - მეუბნება ჩემს გვერდით მჯდომი 60-ს გადაცილებული ქალი, რომლის თვალებსაც თუ დავუჯერებთ თავადაც არა ერთხელ გამხდარა მისთვის ესოდენ საძულველი მოვლენის მიზეზი.
- აბა ჩემი შვილიშვილი - არ ცხრება უკან მჯდომი - წამოდი ბუნება ნახე მეთქი და არ მინდა კომპიუტერში მაქვს ნანახიო, დებილი არ არის?

ჩემს გვერდით მჯდომი ქალი კი მარაოს რატომღაც მე მინიავებს, უკან მჯდომის გულს წაკიდებულ ცეცხლს კი ნავთს ამატებს და ეუბნება - თქვენი ბრალია ... თქვენი...

რატომ მოჭრეს ნეტავ ეს ნატვრის ხე? ამბობენ აქ გოგომ თავი მოიკლაო. ხე რა შუაში იყო მერე?
....


-რამდენი წლისაა თქვენი შვილიშვილი? - კითხულობს წინიდან ქალი (თავს .. თუმცა თავი წინაზე დავდე ახლა კისერი იყოს) შვილი ყავს გასათხოვარი..
-19-ის ჩემი ბატონო
-უფ რა ეჩქარება ჯერ მოასწრებს კიდევ

რა არ ეჩქარება ჯერ და რას მოასწრებს კიდევ - საქართველოს შემოვლა(ს) თუ ცოლის მოყვანა(ს) ეს მე არ ვიცი, წითელლაქიან ქალს უკეთ ეცოდინება.
......

ამ ისტორიას ჩვენთან ასე გიამბობენ - ახალგაზრდა გოგოს გაუჩერებია ტაქსი და წასულა და წასულა მას შემდეგ არავის უნახავს. ტაქსისტს მისი ბედით შეწუხებულნი ამ ხესთან მოუყვანია და უთქვამს მე აქ დავტოვე და მერე არაფერი ვიციო. სულ ეს არის მთელი ისტორია. მერე ზოგმა ამ ყველაფერს უიღბლო სიყვარული მიაწეპა, ზოგმა დიდი ვალი, ზოგმა ტაქსისტის მანიაკალური მისწრაფება და ა.შ.

-შენ ეგ ლუდი ბოლომდე მიგაქვს?
-ჰო რა იყო?
-უფ გათბება მანამდე...


შემოვუხვიეთ...
ყველა მგზავრმა პირჯვარი გადაიწერა. ნაწილმა იმიტომ რომ წვერის წმინდა გიორგის ეკლესია დაინახა, მეორე ნაწილმა კი იმიტომ რომ პირველმა გადაიწერა.


- ამ ეკლესიიდან რომ კაცი ჩამოვარდა გადარჩა ხომ? - კითხულობს ის გოგო.. კი ხვდება რომ უაზრობა იკითხა, მაგრამ რა ქნას აბა რაღაც ხომ უნდა აკეთოს, ის ტელეფონი არ რეკავს და...
- თქვენ ხართ მანდ ნამყოფი? - ეკითხება რუკიანი
-ყოველ წელს
- აბა მაშინ ფანატიკოსი ყოფილხართ
-რა შემატყვეთ? - სწყინს
მართლაც და რა შეატყო? ფანატიკოსი კი არა უბრალოდ ადამიანია, რომელსაც სასაწაულების სჯერა. რომ არ სჯეროდეს ასე გიჟივით ხომ არ მიაშტერდებოდა მობილურის ეკრანს? რა ბრძანეთ ? მე საიდან ვიცი რომ არ დარეკავს? ინტუცია მაქვს.
რა უცნაურია ბოლო დროს ეს ბოლო ორი სიტყვა რომ ირწმუნონ, საბანკო ანგარიშზე მინიმუმ 20 000 მაინც უნდა გქონდეს. ;)


- და თქვენ იცით... რატომ ხურავს ამ ეკლესიას თათრული ჩალმა?
- მე ვიცი, მაგრამ უნდა ჩავიდე ახლა :)



P.s. სახიფათოა მგზავრობა ჩემთან.
მეორე დღეს შესაძლოა სრულიად უცნობი ადამიანის ბლოგზე იპოვოთ საკუთარი თავი, თუმცა აქ ნახსენებ პერსონათაგან ამ ღამით (თუ უკვე დილით) კომპიუტერს შესაძლოა მხოლოდ ის 19 წლის ბიჭი ეჯდეს, რომლის ბაბუას 24 წლის ასაკში უკვე მთელი საქართველო ჰქონდა მოვლილი, თანაც ფეხით.
და თუ შემთხვევით გადააწყდა ჩემს ბლოგს, ვურჩევდი 24 წლამდე მასაც მოესწროს თუნდაც ნახევრის მოვლა და თუნდაც მანქანით :)

კითხვა მკითხველს
შემძლებია ადამიანური პოსტების წერა თუ განვაგრძო ძველებურად?




17 комментариев:

  1. ra tqma unda shegzlebia :))))) magram tiko sadunishvilisadmi mizgvnil cerilebs mainc araferi jobia :D

    ОтветитьУдалить
  2. შესაყლაპი პოსტია ძვლებიან-ფხიანად. მაგარი მომეწონა ასეთ სტილში ნაწერი. მეც ხომ არ გადავიღო? :) მარა მე დიალოგებს ვერ ვიმახსოვრებ ასე. გზაში კი მიტრიალებს ხოლმე პოსტის შინაარსი, მარა მერე მავიწყდება. უნდა ჩავიწერო..

    ОтветитьУдалить
  3. მიუხედავად იმისა, რომ სწორი შენიშვნები გაქვს ზოგიერთი სუბიექტების მიმართ ;), მე მაინც შენი ადამიანური პოსტები უფრო მომწონს! ერთი მეორეს ხელს არ უშლის, პრინციპში, შეგიძლია ერთ პოსტში ადამიანი იყო, მეორეში "სწერვა"! ;)

    ОтветитьУдалить
  4. :D ^_^

    მარტო მგზავრობა საუცხოოა ხშირად, კიარადა მარტო სეირნობა მომენატრა, სრულიად უცხო ხალხის გარემოცვაში :შ

    ОтветитьУдалить
  5. როგორ მიყვარდა ის ნატვრის ხე. მაგ კლდიდან გადახედვაც მიყვარს. წასვლისას ვაჩერებთ ხოლმე და ვიყურები ცოტა ხანს.თითქოს ვმშვიდდები.
    წვერიც მიყვარს.განსაკუთრებით შემოდგომისას.წითელი, ყვითელი და მწვანე ფერები ერთმანეთში რომ ირევა ულამაზესია ხოლმე. ხო,ის კაცი რომ ჩამოვარდა მე ვიცი რომ გადარჩა. არა? კაი
    პოსტი მშვენიერია. რა გინდა რას ერჩი. ორივენაირი წერე ხოლმე.
    არ მიყვარს ჭორიკანა მგზავრები,თუმცა სწორედ მაგათი საუბრებით ვირთობ ხოლმე თავს

    ОтветитьУдалить
  6. bushka
    თიკოს მე უკვე შევფიცე სამუდამო სიყვარული და აღარ მგონია რომ ვუღალატო, მიუხედავად იმისა, რომ ბევრს უკვე მოვაბეზრე თავი :)


    გურამი
    ხო ჩაწერა საუკეთესო გამოსავალია
    მაგრამ ამ დროს შესაძლოა ცნობისმოყვარე მეზობელმა მოგიშალოს ნერვები რომელიც შენს ბლოკნოტში დაურიდებლად ყოფს ცხვირს :)


    unaamarga
    კარგი გამოსავალია :)

    Clown
    მარტო სეირნობა მეც მიყვარს :)
    და მარტო მგზავრობაც შემიყვარდა
    მიხარია რომ დღეს გაგიცანი :))

    სიყვარულოვნა
    ძალიან დამწყდა გული იმ ნატვრის ხეზე. მართლა ძალიან, მით უფრო იმიტომ რომ 20 წელია მანდ დავდივარ და არასდროს არაფერი შემიბავს ამ ხეზე. მამაჩემი არასდროს აჩერებდა მანქანას ამის გამო. არადა ზოგჯერ მჯერა ხოლმე ასეთი სისულელეების :)
    წვერიც ძალიან მიყვარს და დიდგორიც ულამაზესია :)
    რაც შეეხება წვერის წმ. გიორგიდან ჩამოვარდნილ კაცს ეგეთი ისტორია ბევრი გამიგია, იმ გოგომ რომელი იგულისხმა არ ვიცი :) მე ვიცი რომ ქალი ჩამოვარდა და გადარჩა. :)

    ОтветитьУдалить
  7. როგორ მიყვარს მეც გზაში სხვების მოსმენა და ჩაწერა, და საერთოდ მგზავრობა-მოგზაურობის აღწერა

    ОтветитьУдалить
  8. მშვენიერი რეპორტაჟია :)

    ОтветитьУдалить
  9. ორივენიცა, ორივენიცა :))


    პ.ს. ის პანორამა ნიკა ვარძელაშვილისაა, თუ სწორად მახსოვს :)

    ОтветитьУдалить
  10. კატი

    ალბათ :)
    გუგლით მოვნახე სურათები :)

    ОтветитьУдалить
  11. @ჰექსე
    მადლობა, მეც ^_^

    <3

    ОтветитьУдалить
  12. ნეტა, როგორი განცდაა, როცა მაგარი პოსტების სერიას წერ?

    ОтветитьУдалить
  13. ზურიუს
    სამწუხაროდ ეგ მეც არ ვიცი :)

    ОтветитьУдалить
  14. ძალიან ძალიან ძალიან
    გემრიელდ იკითხებოდა
    გემრიელად წავიკითხე
    გავიღიმე
    გავხალისდი :)

    ОтветитьУдалить
  15. ჰო მაშინ კიდევ დავწერ ასეთ პოსტებს
    გზაც ბევრია და მგზავრებიც :)

    ОтветитьУдалить

ნუ წახვალ ისე,
დატოვე კვალი =)