31 октября 2010

Prime Time - უთქვენოდ რა გვეშველებოდა?!

ნამდვილად არ ვიცი, რა ჰგონია პრაიმ ტაიმსს თავი. ალბათ სრულიად საქართველოს ბომონდის სულიერი მოძღვარი, რომელსაც ყოველ თვე უნდა ჩააბარონ აღსარებები სრულიად ღიად და გულახდილად. ხოლო თუ ისინი ამას არ აკეთებენ,  ან რაღაცას მაინც მალავენ. პრაიმ ტაიმსის თავს უბრალოდ ვალდებულად თვლის თავით ჩაეფლოს ნაგვის ურნაში და ის იქამდე ქექოს,  სანამ ისეთ რამეს არ იპოვის,  რასაც მერე კარგად შეფუთულსა და სუნამო ნაპკურევს  გაყიდის.
( ბომონდის უკეთესი სულიერი ცხოვრებისთვის რაღა  თქმა უნდა - ცოდვების აღიარების შემდეგ სულიც ხომ გვიმსუბუქდება? )  


ჭილაძე წერდა – " გუშინ თქმა არ შეიძლებოდა,  ამიტომ თქმას ფასი ჰქონდა, დღეს თქმა შეიძლება სწორედ ამიტომ თქმასაც ფასი დაჰკარგვიაო."
რადგან დღეს ჯერ კიდევ გუშინ არის და გარკვეული მიზეზების გამო  თქმა ჯერ კიდევ არ შეიძლება,  ჩემს განსაკუთრებულ სიმპატიას იმსახურებს ყველა,  ვინც პირდაპირ, ლაკონურად და გასაგებად ეტყვის პრაიმ ტაიმსს ნაგავი რომ არის. 

აქამდე ეს მხოლოდ თიკა ფაცაციამ მოახერხა "პროფილში."
სხვა ყველა დანარჩენი ამ ტაბლოიდის მეხოტბეთა რიგში არიან და   ამავე რიგში უნდა გვეგულებოდნენ კიდევ დიდი ხნით.

პროფილის მეორე სტუმარი პრაიმ ტაიმსის ჟურნალისტკა,  რომლისაც თურმე  ყველას  ეშინია. ვკომპლექსდები რომ ვერაფრით ჩავატიე ჩემი თავი ამ ყველაში, რადგან ეგ გოგო ჩემში შიშს კი არა გულის რევის შეგრძნებას იწვევს. უკიდურესი სიამაყის გრძნობით  მეასედ რომ ყვება როგორ დაადგინა ფადი ასლის ია ფარულავა რომ  არ ჰყვარებია რეალურად. და მთელი მისი შინაგანი სამყარო ის არის რომ ვიღაცის თეთრეულში იქექება აქტიურად და ამით საშინლად არის ამაყი. 

ყველაფერი რასაც აკეთებ კონკრეტულ მიზანს უნდა ემსახურებოდეს სხვა ყოველივე ამაოა. იმის დამტკიცება, რომ ვიღაც ყვითელ  იხვთან ერთად ბანაობს, პლუშის დათუნიასთან ერთად სძინავს არაფრის მომტანია. არაფრის მომტანია ყველა კვლევა რომელიც არ პასუხობს კითხვაზე მერე?
აი შევამოწმოთ, მაგ: ფადი ასლის რომ ია ფარულავას ნაცვლად ვიღაც სხვაზე უდგება, ან ნანიკო ხაზარაძის ყოფილი ქმარი რომ თურმე პიდარასტი ყოფილა.
მერე?
მერე არაფერი და უფრო სკანდალური თემის ძებნას იწყებ,  უფრო მნიშვნელოვნად რომ მიიჩნიო თავი, რადგან როცა არაფერს ქმნი მნიშვნელოვანს თავად გიწევს იმის მტკიცება მნიშვნელოვანი რომ არის ის რასაც ქმნი,  იმიტომ რომ თავად არ გჯერა ისტორია რომ შეაფასებს, ისტორიას რომ გაუძლებს და თუნდაც 1 წლის მერე კიდევ  ვინმეს მაინც რომ ემახსოვრები. 
P.s.  მე მაინც არ მგონია რომ  ყველა მეძავი,  რომელმაც კიმონო ჩაიცვა გეიშად უნდა მივიჩნიოთ უსათუოდ.
არა?

24 октября 2010

"ერთი ამბავი გავიგე, რომელმაც ძალიან შემაშინა!"




რა მაინტერესებს იცით?

სახალხო დამცველი გვყავს კიდევ თუ ისიც საბჭოთა სიმბოლიკად ჩათვალეს და ანდროპოვის ყურებივით მოანგრიეს?

თუ გვყავს და რატომ არ გადასწევს  დიდი ხნის წინ დადებულ მტვერს ტელევიზორიდან და არ შეხედავს იქ მიმდინარე გადაცემებს?

რომ დაინახოს, რომ დარწმუნდეს საქმე რომ აქვს კიდე ცოტა გასაკეთებელი...
ჯერ კიდევ რომ ვერ გამოვედით სიბნელიდან, ჯერ კიდევ რომ ვერ გავედით გვირაბის ბოლოს,  ჯერ კიდევ რომ დასაცავები ვართ ჯერ კიდევ რომ გვეშინია...

საქმის გამკეთებელი ნახეთ თქვენ თორემ,  პარალამენტში  100 გვერდიანი მოხსენებით ხელში სერიოზული სახით დგომა არ მგონია ჩემზე უკეთ გამოუვიდეს ვინმეს.


P.s.
-რამდენჯერ წარუდგენს სახალხო დამცველი პარლამენტს ანგარიშს?
-წელიწადში 2-ჯერ
-ხომ არ ფიქრობთ რომ მეტჯერ არის საჭირო
-არა
-რატომ?
-მაინც არავინს უსმენს, და რაც უფრო იშვიათად არ მოუსმენენ უკეთესია. :)

23 октября 2010

ქართველი შოუ-ვუმენები ანუ ამბავი ბროლის ქოშისა.

ტელეკომპანია იმედი და რუსთავი 2 წარმოგიდენთ მძაფრსიუჟეტიან მხატვრულ ფილმს "გადამწყვეტი ბრძოლა ქოშისთვის "

ამას წინათ შალვას სტატია ვნახე,  სადაც მაიკოს კონკიას ადარებს, ხოლო ნანუკას დედინაცვლის გათამამებულ ქალიშვილს.
 
და მართლაც მაიკო სწორედ ისეთ კატეგორიას ეკუთვნის,  სულ იმას რომ უდარაჯებენ სახლთან თეთრი რაში ხომ არ შეჩერებულა შემთხვევით. 
პროფილის ყურებისას კი სულ ფანჯიკიძის „თვალი პატიოსანი“ მაგონდება მთავარი გმირი  თანამშრომელ  ქალზე რომ ფიქრობს “შენ აქ რა გინდა? შენ ეზოდან ამოსული ჭუჭყიანი ბავშვების შერეკვა უფრო მოგიხდებოდაო სააბაზანოში”

მე როგორც მახსოვს,  კონკიაც სწორედ საღამოს 10 საათზე გამოცხადდა ბალზე და როდესაც 12 ხდება მაიაც სწორედ კონკიასავით ღელავს და ჩქარობს მალე დაამთავროს გადაცემა, მალე დაგვიქნიოს ხელი, რომ როგორმე  იმ ეტლმა  არ გაასწროს გოგრად ქცევა რომ ემუქრება შუაღამის მერე,  მაშინ როდესაც სულ არ ეჩქარება ნანუკას და ზოგჯერ  ერთი საათითაც ადრე იწყებს გადაცემას, გადაცემის დღეებს ცვლის და მისი რეკლამაც იმდენჯერ გადის ეკრანზე,  რომ გადაცემა გადაცემის უნახავად გვებზრდება (კონკიას ამდენს აბა ვინ გააბედინებს?!)

თუმცა რაც  არ   უნდა იყოს ყველა ზღაპარში კონკიას და დედინაცვლის გათამამებულ  ქალიშვილსაც სწორედ ერთი რამ აერთიანებთ – ბროლის ქოში. სწორედ ეს ვერ გაუყვიათ და მასში ვერ ჩაუტევიათ საკუთარი ფეხი.

ეს ბროლის ქოში კი ჩვენ ვართ მაყურებელნი, მგრამ არა ბროლის,  ვინ გვაღირსა ბროლობა? ბროლის რომ ვიყოთ ჩვენც ასევე ხელიდან ხელში საგოგმანებელნი გავხდებოდით – გაგვიფრთხილდებოდნენ, ჩაის მოგვიტანდნენ, თბილ პლედს მოგვახურებდნენ, გამართული ქართულით გვესაუბრებოდნენ ბოლო–ბოლო, ან უბრალოდ ქართულით.

მაგრამ საქმეც ის არის,  რომ ვინ მოგვაშავა ბროლობა?!
ორიგინალში კონკიასაც კი არ სცმია ბროლის ქოში. ის მუხისგან იყო დამზადებული. კონკია ძალიან დაღლილი იყო სწორედ ამიტომ კეთილმა ფერიამ მას სპეციალურად აურჩია ასეთი სამოსი – გიცდიათ დაღლილზე ბროლის ფეხსაცმლით კაკუნი? ბროლი მერე გაჩნდა დისნეიში,  რომელსაც ყველაფრის გაფერადება სჩვევია.

ზღაპარი კი ყველა მაინც ბოლოს ერთნაირად მთავრდება,  ქოში ყოველთვის და ყველგან მაინც კონკიას რჩება, არა იმიტომ რომ ასეა საჭირო,  არამედ  ზღაპარია და მისი ბოლო რომ კეთილი არ იყოს, რაღა დააძინებთ მერე ბავშვებს?

თუმცა ცხოვრებაში რომ ყველაფერი სხვანაირად ხდება ეს მე რომც არ მეთქვა თქვენც მიხვდებოდით რამენაირად.
ჯერ ერთი ვინ შეუშვებდა კონკიას სამეფო წვეულებაზე, ფეის კონტროლი დაბრაკავდა მაშინვე. მერე და რას მიქვიან ის კეთილი ფერია?  ანგარიშფატქურის გარეშე კაბას კი არა ბალიშს არ მიგაკერებინებენ კაბაზე. მერე ასე სიმწრით მოპოვებულ ბროლის ქოშს ვინ დატოვებდა კიბეზე. მერე რომელი ბიჭი დაიწყებდა ასე კარდაკარ ძებნას ქალისა?  და ბოლოს ისეთს ვინ შეუშვებდა სახლში ქოშებს რომ კიბე–კიბე კარგავს?
"რას ბრძანებთ ჩემო ბატონო?!"

P.s. 
და რადგანაც ჩვენ ზღაპარში არ ვართ, არ ვიცით  საბოლოოდ ვის დარჩება ის ბროლის ქოში და არც ის მოგვეხსნება რამდენ ხანს გაგრძელდება მის  გაყოფაზე, მისაკუთრებაზე, ყურადღების მიქცევაზე წივილ-კივილი, ფარული მტრობა და ფეხების დამტვრევა... 
P.P.s.
მთავარია სადმე არ მიამსხვრიონ ისიც.

18 октября 2010

ბარათაშვილის ახალი ლექსი აღმოუჩენიათ - იცოდით?!

სამწუხაროა, რომ ფორუმის კითხვას თავი დავანებე, თურმე როგორი სამუზე პოსტები ინახება მის წიაღში.
ზურამ დალინკა თემა, რომელსაც შემდეგი შინაარსი აქვს:
" ვარ მეათე კლასში და ვსწავლობ, ლექსს.სახელად ქვია კარი მეორე...
ლექსი არის აღა-მახმად-ხანის გამოლაშქრებაზე საქართველოს წინააღმდეგ, და ერკლე მეორის ფიქრები...
აი ასე იწყება:
მორბის არაგვი არაგვიანი
თან მოსძახიან მთანი ტყიანი
და შეუპოვრად მოუთამაშებს
გარემო თვისსა ატეხილს ჭალებს

ამ მეორე კარის თანამედროვე ქართული თარგმანი (შინაარსი)იქნებ ვინმემ იცოდეთ? ან ლინკი მომცეთ...თუ არ გაქვთ და არ დაიზარებთ დაგიწერთ ამ რამოდენიმე სტროფს და იქნებ ამის შინაარსი მითხრათ?"

"ნუ ნერვიულობთ, ხუმრობს უბრალოდ ვიღაცო!" - გვამშვიდებდნენ ოპტიმისტები.
მართლაც და...
მე რომ სკოლაში ვსწავლობდი, იქ ისეთებიც იყვნენ ოთხშაბათს კვირისგან ვერ არჩევდნენ და დღევანდელ თაობას ლექსის პოემისგან და "ბედი ქართლისა" კარი მეორესგან გარჩევა რომ უჭირდე,ს, რა სანერვიულოა ვითომ ეს?

თუმცა, ბლოგერებს ფულს სწორედეაც რომ ნერვიულობაში გვიხდიან და მეც ამ თემით ერთობ აღშფოთებული უმორჩილესად ვთხოვ განათლების სამინისტროს უმოკლეს ვადებში და კვალიფიციური კადრების გამოყენებით დაიწყოს ბარათაშვილის თარგმნა ინგლისურ ენაზე. რადგან იქნება იმ ოკეანის გაღმიდან ჩამოუსლმა (სათვალავიც კი ამერია რამდენმა) პედაგოგმა მაინც შეაგნებინონ ჩვენს ბავშვებს ვინ იყო და რას ითხოვდა ბარათაშვილი.

ან ბოლო-ბოლო თარგმნეთ ეს ბარათაშვილი ქართულ ენაზე - როდემდე უნდა ვტანჯოთ ჩვენი ბავშვები?



ბავშვი რა შუაშია საერთოდ?
მოგეხსენებათ სასერთიფიკატო გამოცდა 10 000 მასწავლებლიდან 1147-მა ჩააბარა
და რა ქნას ბავშვმა თუ მას პედაგოგაგდ მაინცდამაინც სწორედ იმ 8853-დან შეხვდა?

ხომ იცით, მშობლებს და პედაგოგებს არ ირჩევენ-ო.

თუმცა ჩვენ ამ ბოლო დროს ისეთი ცინცხალი რეფორმები გავატარეთ, რომ არათუ მშობელს და მასწავლებლს, არამედ მალე მამული, ენა და სარწმუნოებასაც კი ავირჩევთ - თან ისევე სწრაფად და მარტივად, როგორც ბანკომატთან ენას, ფეისბუქზე სარწმუნოებას, მშობლიურ ქალაქსა და ეროვნებას :))


P.s.
"თქვენ კი ამბობთ ვიღუპებითო.
რაღა დროსია?!
კარგა ხნის დაღუპულები ვართ უკვე.
დიდხნას ვეცემოდით და დაცემას დაცემამდე შევეჩვიეთ."
ოთარ ჭილაძე
1992წ.

14 октября 2010

ჭუჭყიანი თეთრეული

ახალგაზრდა წყვილი საცხოვრებლად ახალ ბინაში გადავიდა.
დილით ცოლი ადგა, ფანჯარაში გაიხედა და შესძახა:
- " ღმერთო, შეხედე ჩვენ მეზობელს რა საშინელად ჭუჭყიანი სარეცხი გაუფენია გასაშრობად. "
შემდეგ ყოველ დილით ერთი და იგივე მეორდებოდა.
სანამ ქმარი ვახშმობდა და გაზეთს კითხულობდა, ცოლო ფანჯრიდან იყურებოდა და მეზობლის თეთრეულზე ლაპარაკობდა:
"ალბათ ცუდ საპონს ხმარობს, ან რეცხვა საერთოდ არ იცის, კარგი იქნებოდა თუ ვინმე ასწავლიდა."

ერთ დღესაც ცოლმა ჩვეულებრივ ისევ გაიხედა ფანჯარაში და გაოცებით შესძახა:
-" შეხედე რა სუფთაა მისი თეთეული, როგორც ჩანს რეცხვა უსწავლია"

-"არა, ძვირფასო"- უპასუხა ქმარმა რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში დუმდა "- ეს მე ავდექი დილით ადრე და ჩვენი ფანჯრები გავწმინდე. "

08 октября 2010

ქალიშვილობა პროფილში

როგორც კი დაანონსდა რომ შემდეგი პროფილი ქალიშვილობის ინსტიტუტზე იქნებოდა, მეგონა გაივსებოდა სტუდია ფორუმელებით, რადგან მათ ისე ღრმად აქვთ აღნიშნული საკითხი შესწავლილი, - იმდენი ოფლი, ცრემლი და სისხლი აქვთ ჩანთხეული ამ საქმეში, რომ მე პირადად თითოეულ მათგანს თავისუფლად მივანიჭებდი დოქტორის სტატუსს ამ საკითხში. ( ინსტიტუტი თუ არის დოქტურანტურაც უნდა ჰქონდეს წესით არა?).
მაიკო კი საფუძვლიანად მანცვიფრებს. ჯერ თითქოს კარგად დაიწყებს ხოლმე და მერე ყველაფერს ნამთვრალევის ნაბიჯებივით აურევს. აბა მაშ რა შუაშია ქალიშვილობა დინების საწინააღმდეგოდ მცურავ ქალებთან?
თუმცა იგივე ფორუმ ჯის თუ მოვიშველიებთ იქ ისეთი თემებიც განიხილებოდა როგორიცაა მაგალითად " ქალიშვილობა და ანანასის წვენი" ან "რა სივრცობრივი კავშირი არსებობს ქალიშვილობასა და მზის დაბნელებას შორის" მაგრამ....

ასეთ გადაცემაში ყველაზე საინტერესო მაინც ხალხის აზრია ხოლმე, რომელიც როგორც წესი განსხვავდება მოწვეული სტუმრების აზრისგან. ყველაზე მეტად ერთმა ახალგაზრდამ დამშოკა, როდესაც თქვა არაქალშვილს არ შემიყვარდებაო...
რადგან ყოველთვის მეგონა, რომ:
  1. სიყვარული პირადი თვისებებით იყო განპირობებული.
  2. ქალიშვილობა არ მეგონა პირადი თვისება.

ახლა კი ვხვდები რომ ან პირველ პუნქტში ვცდებოდი, ან მეორეში, ან ორივეში ერთად. ბოლოს და ბოლოს თუ მაინც ვცდები, რაღა მნიშვნელობა აქვს რამდენ პუნქტში.

ვაღიაროთ, რომ ქართველებს ბევრ რამეზე არასწორი წარმოდგენა გვაქვს.
ჩვენ ყოველთვის რაღაცეები გვგონია ხოლმე.
სწორედ ამიტომ აქამდე მთელ ქართველ ერს საფუძვლინად გვეგონა, რომ სექსი იყო ტრენაჟორი. და ამ სიცრუეში ვცხოვრობდით მანამ სანამ ლალი მოროშკინა არ შემოგვცინებდა ეკრანიდან და არ გვეტყოდა:

- არა,ხალხო სექსი ტრენაჟორი არ არისო.
- ა, არ არისო - შეიცხადა ეკრანს აქედან ერმა. - აბა ჩვენ რატომ გვეგონაო?
ადამიანები ვართ და გვეგონა.. რა მოხდა მერე...

პატარ ნაწყვეტი პროფილიდან, რომელიც ჩემმა თითქმის ყველა მეგობარმა დააშეარა. მათ შორის ისეთებმაც ყველა სიტყვას რომ ეთანხმებიან ამ ვიდეოში.

ის ქერა გოგო, ყველაზე ბევრს რომ ლაპარაკობს ....

ცოდოა ის გოგო ძალიან ცოდოა, იმიტომ რომ მონაა 21-ე საუკუნეში საკუთარივე ქვეყანაში და რაც მთავარია საკუთარივე ხალხსი წყალობით.
თქვენ გგონიათ, მართლა ისე ფიქრობს როგორც ამბობს? არაფერიც მსგავსი. უბრალოდ იცის, რომ ყველა ასე ფიქრობს და მან სხვანაირად რომ იფიქროს ეს არავის მოეწონება. ჩვენ კი, თუ რამე არ მოგვწონს მერე მას ისე გავთელავთ ხოლმე, როგორც დიდოელი ლეკი ნაბადს.

სადღაც ის გოგოც მართალია, მაინც წამოსაძახები გახდებაო არაქალშვილობა, რომ ამბობს. მართალი იმიტომ კი არ არის, მართლა წამოსაძახები რომ გახდება, არამედ იმიტომ თავად რომ შესწრებია ბევრჯერ ასეთ წამოძახებებს. ჰოდა, რაც უნახავს იმას (ჰ)ყვება , თორემ ფილმებში ყოველთვის ჰეფი ენდი რომ არის ეგ ისედაც ყველამ ვიცით. ;)

p.s. გადაცემისთვის არ მიყურია. მხოლოდ ერთ ფრაგმენტს მოვკარი ყური - შ.რამიშვილი რომ ამბობდა ჩემი მეუღლე ქალიშვილი იყოო.
მერე ღამე მშვიდად დამეძინა და დილით მიხვდი რომ მთელი ცხოვრება სწორედ ამ ფაქტის უცოდინრობა სტანჯავდა ჩემს ქვეცნობიერს.

06 октября 2010

ქვყენის მოწყობის რამდენიმე საკითხი ჰექსესგან :)

  • ჩვენც გვინდა ზღვა!

ჩვენ ნიჭიერი პრეზიდენტი გვყავს, რომელსაც დროდადრო თავში იმდენად ორიგინალური აზრები მოსდის, რომ სანამ დანარჩენი მსოფლიო ამ იდეით გამოწვეულ შოკშია, იგი უკვე მეორე წარმატებულ პროექტს ანხორცილებს.

ჰოდა იმ დღესაც ვფიქრობდი, რა იქნება ამ ჩვენს ნიჭიერსა და ენერგიულ პრეზიდენტს ერთხელაც რომ მოეჩვენოს რომ ზღვა არც ისე ძალიან უხდება აჭარას და თბილისში გამოაქანოს?
ძეგლები, შენობები, შადრევნები თუ მოგზაურობენ ქალაქიდან ქალაქში არა მგონია ზღვას გაუჭირდეს რამე ამ მხრივ.

არც ის მგონია ზღვის წამოსაღებად ჩასულ პრეზიდენტს სანაპიროზე წამოწოლილი პოსეიდონი დაუხვდეს "ბოდიში და რამე ხომ არ გეშლებათო?" და თუ ეს მაინც ასე მოხდა საზღვაო წყლების ან რამე ეგეთის მინისტრად დანიშნავს ხელად და თან იმასაც მიაყოლებს ჭკუით თორემ უცხოეთის ცის ქვეშ გასაგზავნი ვიზები ჯერ კიდევ მაქვს.
ღმერეთებისა და მეფეების დრო დამთავრდაო საქართველოში.
მაშ!

ის ხომ საერთოდ არ მგონია, იმდენად ჭკვიანი და გამბედავი კაცი აღმოჩნდეს ჩვენში ვინმე პრეზიდენტს შეჰკადროს ეს ზღვა აქ რომ მოგაქვს სად გინდა რომ ჩადგაო?
ამ თბილისში მაინც ისეა მიძეძგილი ყველაფერი, სიკვდილს რომ ვგეგმავთ 2 კვირით ადრე ვუთანხმებთ მესაფლავეს - ნუ დაგვტოვებო ზემოთ.

თუმცა, ჩვენ ყველაზე უკეთ უნდა ვიცოდეთ, რომ თუ გული გულობს ქადა ვიღას რა ჯანადაბად უნდა, ასე რომ უკვე დროა გადავხედოთ იმ უბნებს რომლებიც არც თუ ისე ძალიან გვჭირდება თბილისში, ანდაც არა ჩემო ბატონო ჩავდგებით ჩვენს წყალში ფორტ ბოიარდივით, სამაგიეროდ გვექნება პირველი დედაქალაქი ზღვით ( ახლა ამას რომ ვწერ არ მახსოვს და გადამოწმებაც მეზარება შესაძლოა სხვასაც ჰქონდეს ზღვიანი დედაქალაქი. მაგრამ ბატონო პრეზიდენტო, თქვენ რომ იტყვით პირველიო, ვინ გაბედავს გადაამოწმოს რამე?)


  • "მთელი ქისტეთის ამომგდე, სტუმრად რადა გყავს სახლშია?!"

ზოგიერთმა ოპერის არამოყვარულმა და უკულტურო პატრიოტმა რომ გადაიჭრა ვენები ნინო სურგულაძე ვის დაეკარგა, ძეგლი რომ დაუდგესო.
კოლხეთის მთელი ქონების გამნიავებელი ქალის ძეგლი რად დგას მაშ შუა ბათუმში?
ამ ქალებს მაინც რა ყველაფერს უცებ პატიობენე, აბა კაცი ყოფილიყო?
ძეგლს კი არა ქვას არ ვაღირსებდით ... შავს.

მოკლედ ქალი ქალია, გინმდ მარმარილოს იყოს და გინდ გრანიტის და ამ შუა ქალაქში მარტო რომ დგას მოიწყენს მგონია, სატრფო სჭირდება - იასონის აქ ჩამოყვანა მეტად სარისკო საქმეა, მეშინია ხელს არ გააყოლოს კიდევ რამე. ასე რომ უპრიანი იქნებოდა თუ მედეას მოვრთავ - მოვკაზმავთ და ისევ საბერძნეთს ვუკრავთ თავს - ა, ბატონო! ინებეთ თქვენი კნეინაო.
(თან რაღაც არ მახსოვს გაპარულ და სახლში მობრუნებულ ქალებს ძგელს უდგამდნენ როდესმე საქართველოში)

თუ ეს არ ხერხდება, აგერ უკეთესი იდეა მომაფიქრდა. ავიღოთ ეს ქანდაკება და ზღვაში ჩავდგათ, სიმბოლურიც იქნება რადგან ყოველ შეხედვისას გაგავახსენდება რომ სწორედ ამ ქალისა და ამ ზღვის წყალობით გაიტანეს საქართველოდან ოდესღაც ჩვენი ქონება. თან წყალში თუ იქნება უფრო მიემსგავსება ამერიკულ თავისუფლების ქანდაკებას.
ჩვენ ხომ გვიყვარს ყველაფერი ამერიკული. (?!)
ან შეიძლება არ გვიყვარს, მაგრამ ჩვენ ვიღას დავეკარგეთ?



  • "მითების ქალაქი "
ვასასისა არ იყოს და მეც მიყვარს ჩემი პრეზიდენტი. სიყვარულს ხომ საერთო ინტერესები განაპირობებს, ჰოდა მეც და ჩემ პრეზიდენტსაც საოცრად გვიყვარს მითოლოგია, ამიტომაც არის რომ აივსო უკვე საქართველო მითოლოგიური ძგელებით, მაგრამ მითოლოგია ფულივითაა არასდროს არის საკმარისი ასე რომ აი კიდევ რამდენიმე იდეა სად რა უნდა დიდგას.

1) ვარაზისხევი
იდეალური ადგილია სიზიფეს ძეგლის დასადგმელად.
ამავე დროს ვფიქრობ, ჩვენ უნდა დავამსხვრიოთ ის კომუნისტური წარმოდგენა ძეგლების სტატიკურობის შესახებ და პირველად საქართველოში უნდა გამოვსახოთ ძეგლი დინამიკაში, ანუ ძეგლი რომელსაც ლოდი აქვს ვარაზისხევის თავში, მერე ეს ლოდი გორდება, სიზიფე უკან ბრუნდება და მერე ყველაფერი ისევ თავიდან იწყება.
ეს ძალიან სიმბოლური იქნება და ამავე დროს ვარაზისხევზე ამავალი სტუდენტები ზედმეტად გაერთობიან,.... თან ოდნავ ჩაფიქრდებიან კიდეც ყოველდღე აქ სიარულით სიზიფეს შრომას ხომ არ ვწევ მეცო ?

2) სტადიონი
იდეალურია, აქილევსის ძეგლისთვის. როგორც სიმბოლო იმისა, რომ ჩვენ ქართველები აქილევსივით უძლეველნი ვართ, მაგრამ ორივეს ერთი სუსტი წერტილი გვაქვს - ფეხი.
3) აფროდიტე

მარის იდეა იყო,რომ თუ სადმე ამ ქყვეყნად სამართალია, აფროდიტეს ქანდაკება კი უნდა იდგეს სილამაზის კონკურსებზეო. მაგრამ ვფიქრობ ამ შემთხვევაში საქმე დაუძლეველ ძალასთან გვაქვს, რადგან ვეჭვობ ია კიწმარიშვილმა თავის დროზე ღმერთებს ფიცი მისცა, რომ მის მიერ მოწყობილი მის საქართველოებზე ვერ გაჭაჭანდება ვერავინ და ვერაფერი, რასაც ოდნავი, სულ მცირედი პირდაპირი, თუ ირიბი კავშირი აქვს სილამაზესთან
(ჰო, ისე არაფერი პირადული რა თქმა უნდა)



P.s. აი, სულ ეს იყო.
ჰო, კიდევ მყინვარწვერი მომწონს ძალიან.
ქართველები ხომ მოგეხსენებათ, როგორი ზარმაცი და დაკავებული ხალხი ვართ. ყაზბეგში კი არა ხშირად სამსახურში წასვლაც კი გვეზარება.
და გული მწყდება რომ ბევრს ეს ულამაზესი ხევის პატარაძალი არ ჰყავს ნანახი და თბილისში თუ იქნებოდა უფრო დავაფასებდით მგონი.
მაგრამ აბა ვინ დაეჭიდება ამხელა მთებს?
არადა, მერე რა კარგად იტყოდნენ - მთები გადადგაო :))

01 октября 2010

რატომ ვერ პოულობენ თიკო სადუნიშვილს ლოგინში?

"ეს პოსტი გაცილებით ადრე უნდა დაწერილიყო, მაგრამ სტატიის ვებ-გვერდზე დადებას ველოდი, რომ არ გეგონოთ რომ რამეს ვიგონებ :)"
მარგალიტები ისე არ ყრია, მარგალიტებს პოვნა სჭირდება...

ჯანდაბას.
ვაღიარებ, რომ რაც "თბილისი ლაივის" ყურება დავიწყე ვერ წარმოვიდგენდი, რა უნდა ეთქვა ან გაეკეთებინა ადამიანს რომ თიკოს გვერდით არაადეკვატურად მომჩვენებოდა.

თუმცა ერთ დღესაც ჩემთან ერთი "თბილისელი" კაფანდარა გოგონა მოვიდა და "გამარჯობა, მე მქვია სალომეო"- მითხრა.

ოცნებაში წავედი მეგობრებო, თორემ მე იმდენი მიღწევა ვინ მომცა, რომ ჩემთან "თბილისელების" ჟურნალისტი მოვიდეს. უბრალოდ ჟურნალ "თბილისელებში" თიკო სადუნიშვილის ინტერვიუ წავიკითხე, რომელიც ასე წყებოდა:
ჟურნალისტის შესავალი:

" ალბათ, ბევრ თქვენგანს, ვინც ახლა ამ ინტერვიუს კითხულობს, ფიქრობს, რა კარგი სამსახური აქვს თიკო სადუნიშვილს. "
საერთოდ გრამატიკა რთული რამეა, იმდენად რთული რომ თვით მინისტრებსაც კი ვერ გაურკვევიათ ბევრი რამ და რა გინდა რომ ჟურნალისტს მოსთხოვო?
მოდი, ჩვენვ ჩავთვალოთ, რომ ჟურნალისტმა ზედმეტად კარგად იცის ქართული ენა და უბრალოდ ჟურნალის კორექტორს ზედმეტად დიდხანს გაუგრძელდა შვებულება.
"ვის სიშავეზე ლაპარაკობ, აღარ ჩანხარ ისეთი ფერი გაქვს. თუ არ გაიცინე, საწოლში ვეღარ გპოულობენ ალბათ?"
ჟურნალისტს კარგად აქვს შეგნებული, რომ დროა მოძველებული ტერმინები ახლით შეიცვალოს ამიტომ განგებ არ იყენებს ფრაზას: 7-ის მერე აღარ ჩანხარ და მსგავსი.
ჟურნალისტს ასევე კარგად აქვს შეგნებული, რომ დროა დოგმები შეიცვალოს, მაგალითად თეთრეულის თეთრი ფერი.. შესაბამისად იმასაც ხვდება რომ მუქ თეთრეულში ჩაკარგული თიკო დაკარგვას მხოლოდ მისმა თეთრ კბილთა ელვარებამ შეიძლება იხსნას.

და მაინც მე ვკომპლექსედები, რომ ვერაფრით ვხვდები რა შუაშია აქ ლოგინი.

და სად აქვთ კაცებს... თვალები?!

თიკოს პასუხი: " ვინ უნდა მიპოვოს საწოლში, თორემ გავიღიმებდი სიამოვნებით. არა, ეს ბედნიერება არ მაქვს" (იცინის).
ეს არის შემთხვევა როცა უბრალოდ არაფრის თქმა არ მძალმიძს - დამეწვა გული.

" წარმოგიდგენია, შენს გვერდით ჩვეულებრივი ბიჭი, უბრალო ოჯახიდან, ფულიც ნორმალურად აქვს, მაგრამ ძალიან ბევრი არა, არ ჰყავს ის სანაცნობო წრე, რომელიც ასე ფასდება დღეს თბილისში."
აქ კი უბრალოდ მინდა დამირეკოს ამ ჟურნალისტმა და პირადად ამიხსნას, რითია თიკო არაჩვეულებრივი?
საერთოდ ჩვენ, ქართველებს ერთი უცნაურობა გვჭირს - გამოჩნდება თუ არა ვინმე ტელევიზორში მას მაშინვე ირეალურ სამყაროში გადავიყვანთ და ვერაფრით წარმოგვიდგენია, რომ ისიც შესაძლოა ჩვენსავით იღვიძებდეს დილით, საუზმობდეს, შხაპს იღებდეს და ღმერთო კი მომკალი და აბაზანის ხალათიც კი ჰქონდეს ჩვეულებრივი მოკვდავებივით.
როდესაც, თიკო საუბრობს იმაზე რომ ნებისმერი ადამიანს შეიყვარებდა, მოულოდნელად ჟურნალისტი ისეთ კითხვას უსვამს, მე მაგალითად, ყბა მომექცეოდა გვერდზე


"სექსის გარეშე ცხოვრება რთული არ არის ასეთი მჩქეფარე და ლამაზი გოგოსთვის?"
რა თქმა უნდა, მე არ ვიცი რა ჰგონია ჟურნალისტს სექსი - ალბათ ისეთი რამ, რაც მხოლოდ ლამაზ და მჩქეფარე გოგოებს სჭირდებათ. ცალეკ საკითხია რა შუაში საერთოდ აქ ეს კითხვა, ან საერთოდ საიდან დაასკვნა ჟურნალისტმა რომ თიკო უსექსობით იტანჯება. პრინციპში რესპოდენტსაც სწორედ ეს უკვირს და ეკითხება კიდეც, რა იცი რომ სექსი არ მაქვსო, რაზეც ჟურნალსიტი პასუხობს.
– არავისთან მაქვს ურთიერთობაო?
აი მეგობრებო, ამას ჰქვია ჟურნალისტური "ხვატკა" ეს ჟურნალისტი პროკურორი რომ ყოფილიყო და მე დარბაზში მჯდარი სტუდენტი, ფეხზე წამომდგარი ვიყვირებდი "ბრავო" -ს. ხუმრობა საქმე ხომ არ არის თიკო სადუნიშვილი სექსის არ ქონაში გამოტეხო?
არადა მხოლოდ ის თქვა ოლიგარქებთნა არ მაქვს ურთიერთობაო.. ააა მივხვდი ჟურნალისტს ჰგონია, რომ სექსი მხოლოდ ოლიგარქებთან არის შესაძლებელი.

"-რისი გეშინია?

– სიმაღლის, ფრენის, ნაოჭების და მანიაკების (იცინის).

– ანუ, სიბერის და სიკვდილის."
არადა, განა ვმეტიჩრობ? გულწრფელად არ მესმის რატომ ასოცირდება ფრენა, სიმაღლე და მანიაკები სიკვდილთან. ან თუნდაც ნაოჭები სიბერესთან , იქნებ ტვინის ნაოჭები იგულისხმა?

"-რაღაცეებზე იმუნიტეტი გამომუშავებული არ გაქვს? ტკივილებზე, ემოციებზე, ცუდზე.."
საერთოდ, სიტყვებს საუბარი რომ შეეძლოთ სიტყვა "რაღაც" ალბათ ეტყოდა ჟურნალისტებს უჩემოდ რა გეშველებოდათო?
მაგ: "ისეთი კომენტარები გაკეთდა რაღაცნაირი, გავიგე რაღაცეები, რაღაცეები არ გაწუხებს, რაღაცნაირად არ ხარ ხოლმე, კარგი საღამო იყო რაღაცნაირად რაღაცნაირი."

გადაიკითხეთ ბუმბერაზი კლასიკოსები - შანიძე, კვაჭაძით დაიწყეთ!!!

ქართულ ენაში მრავლობითი რიცხვის არსებობას კი დიდ გაუგებრობადე მიჰყავს მეოთხე ხელისფლების წარმომადგენლები. მას ან საერთოდ არ იყენებენ, ან ისევე ჭარბად მოიხმარენ, როგორც ლათინო ამერიკული სერიალები ბრიოლინს. აი მაგალითად აქ თუ არის ტკივილები, ემოციები, არ მესმის რა დააშავა ცუდმა? რატომ არ არის ცუდები?

( თიკო, მერე ისე დაქალურად მითხარი, ემოციებზე იმუნიტეტის გამომუშავება ეს როგორ?)

ბოლოს განვიხილოთ სათაური

ვინ "დაშრამა" თიკო სადუნიშვილი და რა ტემპმა გააგიჟა ის?

ი ა ყვავილია...

სტატიიდან ირკვევა რომ თიკო დაშრამა მოტოციკლეტის მაყუჩმა
მაყუჩი უსულო საგანია, უსულო საგანს დაესმის კითხვა რა?
ტემპი არსებითი სახელია, არსებითი სახელის განმსაზღვრელია ზედსართავი სახელი. ზედსართავ სახელს დაესმის კითხვა როგორი.


p.s. ამ ჟურნალისიტის მხოლოდ 2 სტატია მაქვს წაკითხული, ერთი განვიხილე, მეორე სტატიიდან კი გთავაზობთ მარგალიტს.

"- ზაფხულში მუშაობა არ გიჭირს, ფესიბუქზე რომ შეხვალ და ყველას წყალში ჩაყრილი ფოტოები უდევს ?"

მარკ, აუ მეც მასწავლე რა წყალში ჩაყრილ ფოტოებს როგორ დებენ?
წყალგამძლეობის ფუნქცია დაემატა ფეისბუქს თუ?