23 февраля 2012

ჰალუცინაცია - Dr. Frankenstein




("ადამიანები თეთრებში"-  ნაწილი II) 


 "-ისევ არ ვიცით პაციენტს რა სჭირს
-გამორიცხვის მეთოდით მიუდექით
-ეგ როგორ?
-დაავადებათა ენციკლოპედია აიღეთ და ასო "ა" -დან დაიწყეთ"

"House M.d. "



ოთახის ოთხივე კედელი ბოლომდე იყო შევსებული დიპლომებით, სერთიფიკატებით და მიღწევებით, იმდენად ბოლომდე რომ არსად დარჩებოდა ადგილი კიდევ ერთი დიპლომისთვის. ლიკა ფიქრობდა, რომ ან ამ კაცს ზუსტად იმხელა კაბინეტი გამოუყვეს მისი დამსახურებები რომ დატეულიყო, ან თავადაც მხოლოდ იმდენი ისწავლა, კაბინეტში რომ დაეტია.
თავად კაბინეტის მასპინძელი, რომელიც რატომღაც ექიმ ფრანკენშტეინს ჩამოგავდა  დიაგნოზს ისე კითხულობდა თითქოს სტუდენტის ნაწერს ასწორებსო, ბოლოს თავი ასწია და თქვა:
- რომელმა იდიოტმა დაწერა ეს?
ამგვარ ფრაზას როგორც ჩანს არავინ ელოდა, განსაკუთრებით  კი კედელზე დაკიდებული დიპლომები.
-არ მახსოვს - თქვა ლიკამ,  არადა ახსოვდა
-ის თუ მაინც გახსოვთ,  საერთოდ ბრმა იყო თუ ცალი თვალით მაინც ხედავდა, როცა თქვენს ასაკში ასეთ დიაგნოზს სვამდა?
- მითხრეს,  რომ უნიკალური შემთხვევაა
- კი, უნიკალური განათლების შემთხვევაა.

ცოტა ეწყინა, არა იმიტომ რომ სულ ახლახანს მის თვალწინ გალანძღეს ადამიანი, რომელიც ისედაც იდიოტად მიაჩნდა, არამედ იმიტომ რომ  თუ ერთმა თეთრებში ჩაცმულმა ადამიანმა მაინც იცოდა რა ხდებოდა მის თავს, ე.ი. ის აღარ გამოდიოდა ექიმ ჰაუსის პაციენტი ...

 ***

-ეს მტკივნეულია ხო?
-ადრეც ჩაგიტარებიათ მსგასვსი პროცედურა?
-არა
-აბა საიდან იცით რომ მტკივნეულია?
-ჰაუსში ვნახე
-მოეშვით სერიალების ყურებას
მერე კისერში ტკივილი იგრძნო დაბნელდა და ბოლო სიტყვები რაც გაიგონა იყო  "პულსი აღარ აქვს"



***

-თქვენი ძაღლი როგორ არის?
-მოკვდა
-რისგან?
-კიბო სჭირდა
-არ გაახმაუროთ,  იმიჯს გაგიფუჭებთ
- 16 წლის იყო, როცა 16 წლის ხარ და თან ძაღლი ამ ცხოვრებისგან კარგ აღარაფერს უნდა ელოდო, ვინც არ უნდა იყოს შენი პატრონი...


ლიკამ დაინახა ან მოეჩვენა რომ დაინახა როგორ ასაფლავებდნენ 16 წლის ძაღლს, საერთოდაც ბოლო ხანებში ბევრი რამ ეჩვენებოდა. მაგ: ის რომ მას სხვებზე მეტ სისხლს უღებდნენ, რომ მისი წვეთოვანი სხვებზე სწრაფად მოძრაობდა, რომ მის ექიმებს ხშირად უკვდებოდათ შინაური ცხოველები, რომ მისი პალატის კედლები უფრო  ღიად იყო შეღებილი, ვიდრე სხვისი, რომ ზოგჯერ თეთრხალათიანი ადამიანები განსაკუთრებული ყურადღებით ექცეოდნენ, რომ სხვა პაციენტები მასზე უბედურები იყვნენ, რაც უდავოდ ავისმომასწავებელი იყო, რადგან ალბათ მათ იცოდნენ  რა სჭირდათ, მან კი  - ჯერ არა,  შეიძლება მათ იცოდნენ - ადამიანებმა თეთრებში, მაგრამ ისინი არასდროს საუბრობდნენ ენით რომელზეც ძირითადად დედამიწაზე მცხოვრები ადამიანები იყენებენ  ხოლმე.

***
-კიდევ უყურებთ იმ სულელურ სერიალებს?
-კი
-ბოლო სერიაში რა მოხდა?
-ბოლო სერიაში პაციენტი მოუკვდა
-არ გადამრიო
ტკივილი ისევ კისრიდან დაიწყო და ამჯერად ხერხემალს ჩაუყვა,  მერე ძველებურად დაბნელდა და ამპულის გადატეხვის ხმის გარდა აღარაფერი გაუგია. 


თვალის გახელამდე გრძნობდა შუბლზე რაღაც მძიმე და ცივი ეხებოდა, თვალი რომ გაახილა მერე მიხვდა ეს მაჯის საათი იყო, რომლის პატრონიც მის ციფერბლატს აკვირდებოდა.
-სახელი შემახსნენეთ
-ლიკა
-ლიკა,ისეთი სახე გაქვთ, ხალხი იფიქრებს, იმ ქვეყნიდან მოაბრუნაო..
-ხალხი ბრძენია... 


P.s. ავტორი იმედოვნებს, რომ მკითხველი შეძლებს გაგრძელების წაკითხვასაც.  


პირველი ნაწილი - "23 სკამიანი მოსაცდელი "

Комментариев нет:

Отправить комментарий

ნუ წახვალ ისე,
დატოვე კვალი =)