12 января 2013

ერთ სისხლ, ერთ ხორც, ერთ ექაუნთ

ამბავი, რომელსაც ახლა წაიკითხავთ ნამდვილია.
სამწუხაროდ...


დღეს შეიქმნა ახალი ოჯახი,
ახალი კერა და
ახალი ექაუნთი 

ჩვენი დროის თამადა. 


  • პროლოგი

ყველაფერი 2 წლის წინ დაიწყო,  როდესაც ფეისბუქში 30 კაციან ჯგუფში აღმოვჩნდი, რომელიც კლასელებს შეკრებისკენ მოგვიწოდებდა. ჯგუფში ყველაზე  მეტ ყურადღებას იქცევდა ექაუნთი    " თაკო და თემიკო ".   სურათების დათვალიერების შემდეგ გაირკვა რომ ეს გოგო ნამდვილად სწავლობდა ჩემს კლასში, თუმცა ზუსტად მახსოვს რომ სკოლის დამთავრებამდე მას  "თამო" ერქვა, ნუ ზოგჯერ თაკოსაც ვეძახდით, მაგრამ თემიკო გეფიცებით ხუმრობითაც კი არ გვიკადრებია მისთვის. როგორც შემდგომ გაირკვა,  თემიკო ქმარი იყო, ეს კი  მათი საერთო ექაუნთი, რომლის საშუალებითაც ამგვარ  კომენტარებს  ტოვებდნენ:  ჩვენ გვიხარია, ჩვენ მიგვაჩნია, ჩვენ მოვალთ, ჩვენც მოგვენატრეთ.  ახლა ამგვარი ამბავი არავის უკვირს. ფეისბუქი სავსეა: ლიკუშა და ნიკუშებით, ლამზირა და ჯონდოებით, ტრისტან და იზოლდებით, მაგრამ ორი წლის წინ ეს ამბავი იმდენად  გამიკვირდა,  გადავწყვიტე ყველა საქმე მიმეტოვებინდა და შეკრებაზე წავსულიყავი.  მისია  დიდი იყო : თემიკო უნდა გამეცნო.

  • თემიკო
როგორი უნდა იყოს ბიჭი, რომელიც მეუღლესთან საერთო ექაუნთს შექმნის და ყველას საერთო სახელით ესაუბრება?  აზროვნებაში ბარე 20 თემიკო დავხატე, მაგრამ ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა.  თემიკო სადღაც 20 წლის იყო და ჩემთვის რომ ეთხოვათ ის ერთი სიტყვით დაახასიათეო მე ვიტყოდი: "გაუთავებული" ოღონდ ჯასტ უთო გადასმული კი არა? აი თეთრეულს რომ ჩამოხსნი თოკიდან, მერე დანამავ, გაჭიმავ, დაკეცავ, დააგორგოლებ,  გახსნი,  კიდევ გაჭიმავ და ცხელი უთოთი გულდასმით გაუტკიცინებ ნაკეცებს -  აი ეგეთი იყო თემიკო. ვარცხნილობაც ისეთი ჰქონდა თმის თითოეული ღერი მისხალ-მისხალ დალაგებული,  ასე დედები ვარცხნიან ხოლმე შვილებს ოჯახური ფოტოალბომისთვის სურათის გადაღების წინ. რომ შევხედე მაშინვე გავიფიქრე რომ ბანკში მუშაობდა, მაგრამ შევცდი, თემიკო ბანკში არ მუშაობდა.  მისი თანამდებობა  იყო საკმაოდ გრძელი და უამრავი რთულად დასამახსოვრებელი სიტყვისაგან შედგებოდა რომლიდანაც მე მხოლოდ ორის დამახსოვრება შევძელი "დეპარტამენტი" და "კონსულტანტი".  ოდესმე ალბათ დადგება დრო როცა მე თემიკოს ფილოსოფიურ აზრებზეც გიამბობთ მაგრამ მაშინ მათ მოსასმენად არ მეცალა, რადგან მხოლოდ ერთ კითხვაზე მაინტერესებდა პასუხი და სწორედ მაშინ როდესაც ის თავისი უფროსის "დაჩაზე" გატარებული საღამოს შესახებ ყვებოდა, უცერემონიოდ  ვიკითხე:
 " საერთო ექაუნთი რატომ გაქვთ?"
"ჩვენ ხომ ყველაფერი საერთო გვაქვს?!"  - მიპასუხა თემიკომ. მე მარჯვენა წარბი ამექაჩა ზემოთ და წამომცდა:
- "კბილის ჯაგრისიც?"

ვაღიარებ რომ ეს იმდენად არაკორექტულად და უხეშად მომივიდა რომ მეგონა თემიკო  წამოხტებოდა, კიდევ ერთხელ გაგვიმეორებდა ვინ იყო და სად მუშაობდა, ხელს დასტაცებდა თავის ცოლს  და ალბათ ისევ უფროსის "დაჩაზე"  გავარდებოდა.  თუმცა მან ოდნავი აღლევებით  შეისწორა  ჰალსტუჰის კვანძი, მერე კოსტიუმი შეიკრა, მერე გაიხსნა, მერე ისევ შეიკრა, ხელი შეავლო მანჟეტებზე დამაგრებულ ოქროს საკინძებს და თქვა:
-არა რაც ჰიგიენის ნივთებს შეეხებ, არა.
-მიყვარს ჰიგიენა, ის თავისუფლებას გვანიჭებს.
ვთქვი მე და აქ დასრულდა ჩემი და თემიკოს გასაუბრება.
(ფარდა)

  • თაკო
თაკო კარგი გოგო იყო. კარგად სწავლობდა, გაკვეთილს ყოველთვის ბოლომდე და გულდასმით კითხულობდა (ფრჩხილებში დაწერილსაც კი) საკონტროლოს არასდროს იწერდა სხვისგან, არც სხვას აწერინებდა, არასდროს რჩებოდა სახლში რვეუელები, წიგნები და პასტა, ისიც ვერ წამოედგინა სხვას როგორ უნდა დარჩენოდა, სწორედ ამიტომ არასდროს არ ჰქონდა ორი პასტა,თმას ყოველთვის გულდასმით ივარცხნიდა და მუდამ თეთრი პერანგით დადიოდა სკოლაში.  მოკლედ იმდენად იდეალური იყო რომ რვეულის ბოლო ფურცელიც კი ყოველთვის სუფთა ჰქონდა. 

ამჯერად ერთი ექაუნთის რაობის ახსნა თაკომ ითავა და ამიხსნა რომ ეს მათ ნდობის შენარჩუნებაში ეხმარება, რომ არ დაემსგავსონ იმ წყვგილებს ერთმანეთის  კომპიუტერებში რომ ჩუმად იქექებიან და ბევრ რამეს უმალავენ ერთმანეთს, აქ ყველაფერი გახსნილია, საერთოა და შესაბამისად ღალატიც გამორცხულიაო.
მე ახლა მარცხენა წარბი ამეწია ზემოთ და ვიკითხე:  ვინმეს ღალატი და სხვებთან მიწერა რომ მოუნდეს  ბუნებრივია ამას საერთო და ოჯახური სიმყუდროვით გაჟღენთილი ექაუნთით არ გააკეთებს, არამედ შექმნის მეორე ექაუნთს და ეს თუ კონტროლდება რამენაირად მეთქი. თაკომ  მხრები აიჩეჩა და მითხრა: არ მესმის ამგვარი რამ რაში უნდა დაგვჭირდესო. არადა გერმანიას მეორე მსოფლიო ომის დაწყება რისთვის დასჭირდა, მაგას მე-8 კლასში ხვდებოდა, ახლა კი ამას ვერ  ხვდება - საოცარია.

  • მიშა
მიშა ყველაზე სიმპატიური ბიჭი იყო ჩვენს კლასში, კლასში კი არა მთელ სკოლაში მასზე სიმპატიურ ბიჭს ვერ ნახავდით და ამიტომაც არ იყო გასაკვირი, რომ ყველა თხემით ტერფამდე მასზე იყო შეყვარებული, ამ ყველაში შესაძლოა მეც შევსულიყავი მიშას ჩვენი კლასის ფარდები რომ არ დაეწვა, ბიოლოგიის მასწავლებლის კატა არ დაეხრჩო და სკოლის ფანჯრები კისტის თოფით არ ემსხვრია.  და სწორედ ამ მიშამ რამდენი წლის წინ ზოგს სკოლაში რომ არ უშვებდა, ზოგს კი სკოლის ფანჯრებიდან ყრიდა რესტორნიდან გამოსვლისას ხელი გადამხვია (ისე მეც რომ არ წავექციე და თავადაც რომ არ წაქცეულიყო) და  მითხრა:
 - "რა არის იცი? დემოკრატიულ საზოგადოებაში ყველას აქვს უფლება ჰქონდეს საერთო ექაუნთი"

მივხვდი რომ მიშა მართალი იყო. რა ჩემი საქმე იყო ვინ რას შექმნიდა? მივხვდი რომ მკაცრი ვიყავი თაკოსა და თემიკოსთან და საერთოდ ექაუნთის გამო არ ღირდა ბავშვობის მეგობრების გადაკიდება. თუმცა როგორც აღმოჩნდა თაკო და თემიკო ამგვარად არ ფიქრობდნენ და შეხვედრიდან 2 კვირაში მე აღმოვაჩინე რომ მათ მეგობრებიდან წავუშლივარ.

  • ეპილოგი
ეს ამბავი  2 წლის წინ მოხდა და არც არასდროს გავიხსენებდი,  რომ არა ერთი შემთხვევა. საახალწლო ციებ-ცხელების დროს თაკოს კარფურში შევეჩეხე. სიმართლე გითხრათ გულმა რეჩხი მიყო რომ მხოლოდ თაკო დავინახე, თუმცა მალევე გაირკვა,  რომ თემიკოს არაფერი მოსვლოდა.  ის უბრალოდ სახელმწიფო მნიშვნელობის საქმეზე გახლდათ მივლინებთ გამგზავრებული ტოკიოში.
-ჰო მართლა, არ გეწყინოს ფეისბუქიდან რომ წაგშალეთ, თემიკომ გადაწყვიტა ასე- მითხრა თაკომ და გადამკოცნა.
მე კი ვიდექი ძალიან ბედნიერი იმის გამო,  რომ მან თქვა თემიკომ გდაწყვიტა ასე და არა ჩვენ გადავწყვიტეთ ასე,  როგორც ამბობდა ხოლმე. 

ასე რომ პროგრესი სახეზე იყო.

48 комментариев:

  1. დაიცა ბოროტი თემიკო იყო? შემზარა კვანძის გახსნამ, აქამდე რაც ისტორიები ვიცოდი, ბოროტი ცოლი, შეყვარებული(გოგო) იყო ხოლმე :D
    აუ ტიპს რა უჭირდა

    ОтветитьУдалить
  2. რა ვიცი მე ვინ იყო ბოროტი მთავარია რომ ეს გადაწყვიტა თემიკომ და არა "ჩვენ"
    ან შეიძლება თემიკომ არ გადაწყვიტა, მაგრამ თემიკოს დააბრალეს
    ან შეიძლება გადაწყვიტა კიდე, იმიტომ რომ თემიკოს აშკარად არ მოვეწონე, თაკო კიდე ასე თუ ისე კლასელი იყო :დ
    მოკლედ ვინ გადაწყვიტა არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია რომ ერთის გადაწყვეტილება იყო :დ

    ОтветитьУдалить
  3. ჰექს მაგრად მევასება შენი პოსტები:)

    ОтветитьУдалить
  4. მე უფრო სასაცილო ისტორია მაქვს. ჩემს ერთ უახლოეს მეგობარს ქონდა ექაუნთი რომელსაც მისი შეყვარებული უფრო ხშირად იყენებდა ვიდრე თვითონ. ბოლოს რომ დავიბენი ვის როდის ვესაუბრებოდი. რჩევა მივეცი. იქ ამბები დატრიალდა. დღემდე გამარჯობას არ ვეუბნებით ერთმანეთს. მის შემდეგ ყველა მსგავსი ანგარიში წავშალე. ეს ღერთივით მრავლობით რიცხვში მოსაუბრე ხალხი მაბნევს ხოლმე.

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. :D ხო ძალიან დიდ უხერხულობას იწვევს, როდესაც მხოლოდ იმ ერთი ადამიანისთვის გინდა რაღაცის მიწერა, რატომ უნდა წაიკითხოს ის მისმა შეყვარებულმა, ცოლმა, ქმარმა და ა,შ
      ჩვენ ერთმანეთისგან არაფერი გვაქვს დამალული ამით ამ ყველაფრის გამართლება ხომ საერთოდ მარაზმია
      სიყვარული პირველ რიგში თავისუფლებას უნდა ნიშნავდეს :)

      Удалить
  5. გამოდის რომ აქ მაინც ერთობლივი გადაწყვეტილებაა, რახან ქმარმა გადაწყვიტა და ცოლი უსიტყვოდ დაეთანხმა :) ანუ ერთობლივი ექაუნთის სუბსტანცია შენარჩუნებულია :) უბრალოდ გადაწყვეტილების გაჟღერება მოხდა პირველი პირის მხოლობით რიცხვში :))

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. ანა როგორ არის იცი?
      რა თქმა უნდა რადგან მეგობრებიდან ამომშალეს ეს იყოს საერთო გადაწყვეტილება
      ანუ იდეა იყო თემიკოსი და თაკოც დაეთანხმა
      მაგრამ ბოლოს რადგან ამბობს რომ თემიკომ გადაწყვიტა ასეო, ე.ი. იმას იაზრებს რომ ის და მისი ქმარი სხვადასხვა სუბიექტები არიან და აზროვნებაც სხვადასხვა აქვთ.
      თუ არადა იტყოდა - უბრალოდ ჩვენ ასე გადავწყვიტეთო :დ :დ

      Удалить
  6. გეთანხმებით, მაგარი იდიოტობაა!!!! ჩემს დედამთილ-მამათილს და მაზლსა და რძალს აქვთ საერთო ი-მაილ ექაუნთები! :D :D :D შეიძლება მარტო ერთ-ერთისთვის მინდოდეს მიწერა, ან რაიმეს კითხვა, და სულ მრავლობით რიცხვში და ორივე ადრესატისთვის მიხდება მიწერა! ზოგჯერ შემეშლება, მხოლობით რიცხვზე გადავალ, და ვზივარ და ტექსტის აკრეფის შემდეგ ვასწორებ - რიცხვს, სქესს, ტონს და ა.შ. :D :D :D დამღლელია!!!! :( :D

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. უი რა გაჭირვებაა საერთო იმეილი :დ

      Удалить
  7. ვაჰ, ჩემთან საქმე იყო შემდეგში,მოსკოვში მცხოვრებ ახლობელ გოგონას ახალი წელი მივულოცე.რას ვიფიქრებდი რამაზი-სოფას ქორწილისსურათიანი ექაუნთს მიღმა გრიოზნი მუჟ თუ დამელაპარაკებოდა. ნეჟნა ამიხსნა სოფოს ქმარი ვარ და შენ ვაბშე ვის დაეკარგე, რატომ მიწუხებ ცოლსო.ახსნა, რომ სანამ სამი თვით მისი ცოლი გახდებოდა(მერე დაიჭირეს და ახლაც იქა სუფევს) ერთად გავიზარდეთ და დღემდე ერთი ოჯახივით ვართ, ჩემს ძალ-ღონეს ნამდვილად აღემატებოდა და გულწრფელი თანაგრძნობა გავუგზავნე სოფოს. ჰოდა, რომ მგონია მეტად აღარ გავკვირდებოდი, მერე დილით, სადღაც 10 საათისთვის ქალბატონი დედამთილი მოვარდა შეშფოთებულ-აღშფოტებული სოფოს ოჯახში, ვინ არის ის გათახსირებული ჩემს შვილს ოჯახს რომ უნგრევს, რა ჭირს ჩემს რძალს შესაცოდი, ფეხს მიწაზე არ ადგმევინებს მისი ქმარიო(ეს მეგრული იდიომაა და კეთილდღეობის ზენიტს ნიშნავს).ახლა ყოველღამ თუ არა, კვირაში ორჯერ მაინც მომიხსენიებს ბატონი რამაზა გინებას შინა. მივბლოკ-მოვბლოკე,მაგრამ ხან საიდან მწერს და ხან საიდან.ასეთი ამბავი.

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. ვაიმე ეს რა ტრაგიკული ამბავი ყოფილა
      ჩემი ისტორია კეთილად მაინც ბოლოვდება
      დედამთილის პასაჟმა საერთოდ გამაოცა
      დედამთილის ექანუთიც ხომ არ იყოს ეგ შემთხვევით?

      Удалить
  8. ომამდე, შეყვარებულობანას თამაშისას მეც ( რიგით მე.. "ჩვენც" ) მქონდა საერთო აქაუნთი :)) მაგრამ ერთ კვირაზე მეტი ვერ გასძლო ვერც აქაუნთმა და ვერ მისი არსებობის არგუმენტებმა! :)))

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. გეხვეწები მითხარი არგუმენტი რა :))

      Удалить
    2. ძაააალიან ბანალური - "სურათები ხომ სულ ერთად გვაქვს. ხოდა მოდი აქაუნთიც ერთი იყოს. შ.პ.ს ოჯახის ვებ იმიტაცია" ანუ კლასიკური მარაზმი :))))

      Удалить
    3. ვაიმე რა საყვარელი ყოფილა შეყვარებული დათო :):*
      კარგია რომ აღიარებ რომ მარაზმი იყო
      გაფასებ მაგის გამო :)

      Удалить
    4. გამინახევრე სასჯელი.. ხო ვაღიარე ?! ":)

      Удалить
  9. me ufro mets velodi samwuxarod bevri rame shegedzlo dagewera....... dges su daushigava xalxma :)

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. კი შემეძლო, ზოგადად მინდოდა ჯერ დამეწერა. მერე გადავწყვიტე მხოლოდ ერთი ისტორია მომეყოლა

      Удалить
  10. აი რა იმედიანად დასრულდა. მიშა მაგარია კი არადა მიშა მართალია, მაგრამ ყველაზე მაგარი ის არის ეგ სწორედ მიშამ რომ თქვა.
    სად მუშაობდა თემიკო, გახსენი ბოლომდე კარტები. არა მგონია შენ ბლოგს კითხულობდეს.

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. ბიჭო განა არ ვხსნი კარტებს, მართლა არ მახსოვს სად მუშაობდა.
      ხომ არის რა ეგეთი თანამდებობები 950 სიტყვისგან რომ შედგება და კაცი ვერ გაიგებს რას აკეთებ რეალურად იმ სამსახურში
      რაღაც საერთაშორისო კვლევების რაღაც დეპარტამენტის ქვეგაყოგილების კონსულტანტის რაღაცა იყო რა მოკლედ არ ვიცი ვერ დავადგინე რას აკეთებდა.

      Удалить
  11. ესე იგი, ერთი ექაუნთი არა, მაგრამ ერთმანეთის პაროლები ნამდვილად გვეცოდინება <3 ჰო, რატომაც არა? რა მაგარია, ვიღაც რომ გეფლიტავება თავისი ჭკუით და ამ დროს ქმარი ეკაიფება, ან ქმრის ფანებს რო ეკაიფები და მათზე ბევრი რამ იცი ;)

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. ნუ აი შენც თუ მაგას იტყოდი ნამდვილად არ მეგონა :დ რაღა დაგიმალო და...

      Удалить
  12. მშობლების ყლეობიდან მოდის - თავიდანვე უსპობენ ადამიანს პირად ავტონომიას, ამიტომ ახალი ოჯახის შექმნისას - ან სულაც უბრალოდ ახალ ურთიერთობაში - ანალოგიურად იქცევიან: ყალბ, არაჯანსაღ და ამავე დროს არარეალურ "ნდობაზე" (ურთიერთდამოკიდებულება-ჩამოკიდებულებაზე) ავითარებენ კავშირს. ამაზრზენი ურთიერთფლობა და აუცილებლად თანხმლები სიყალბეა

    კარგად არის დაწერილი, ვისიამოვნე

    ОтветитьУдалить
  13. მიშას სიბრძნე :დდდდდდდდ
    საბრალო თამო–თემიკოს როგორ უჭირთ გაარჩიონ ნდობა და უნდობლობა.საშინელებაა მსგავსი ექაუნთები,მყავს რამოდენიმე წყვილი მეგობრებში ასეთი,ორი მათგანი ახლო ნაცნობია,როდესაც შეტყობინებას ვუგზავნი თავდაპირველი ვეკითხები თუ რომელია,აი დაბადების დღის მილოცვის შემთხვევაში ცუდ დღეში ვარ,არ ვიცი რომელს უნდა მივმართო ამ დროს.ერთმანეთის პაროლების ცოდნაც დიდი სისულელე მგონია, "big brother-ის"სინდრომი უფროა ეგ,ვიდრე სიყვარული.
    თემიკომ გადაწყვიტა წაშლა,(ქმარი ღებულობს მნიშვნელოვან გადაწყვეტლებას:დ) და თამო თავს უქნევს უსიტყვოდ(((((

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. მიშამ ყველაზე დიდი სიბრძნებ თქვა კი
      დემოკრატიულ ქვეყანაში ყველას აქვს უფლება აკეთოს ის რაც უნდა თუ არ ლახავს სხვა ადამიანის დემოკრატიულ ღირებულებებს.
      რადგან ამ შემთხვევაში არც ერთი არ თვლიდა რომ მისი უფლებები ილახებოდა ე.ი. ყველაფერი რიგზეა. :)
      რა თქმა უნდა სისულელეა როგორც საერთო ექაუნთი , ისე პაროლების ცოდნა და ეს მხოლოდ იმიტომ არ უნდა გქონდეს რომ უხერხულობა არ შეუქმნა იგივე შენ მეგობრებს.
      ერთხელ ვთქვი, რომ გათხოვება სულაც არ ნიშნავს იმას რომ ავტომატურად ურთიერთობა უნდა გავწყვიტო ხალხთან რომელიც ჩემს მეუღლეს არ მოეწონება. ამ აზრს ძალიან ბევრი არ დაეთანხმა. მე კი არ მესმის საერთოდ რა არის აქ საკამათო.
      ორგანულად ვერ ვიტან გოგოებს გათხოვებიდან რამდენიმე თვეში ქმრის უახლოესი მაგრამ მათთვის არასასურველი ძმაკაცები რომ დაუფრენიათ სახლიდან.

      Удалить
    2. ცხადია,ასეთი შემთხვევებიც ხშირია, ცოლი მართავს ქმარს,ეს უკანასკნელი კი ცხვრის როლშია და პროტესის გრძნობაც არ უჩნდება:(((((((

      Удалить
    3. გარეთ შესაძლოა მაგარ ბიჭს თამაშობდეს, მაგრამ სახლში ცხვარია :)
      ხშირია

      Удалить
  14. ეს საერთო ექაუნტები მაინც განწირულია ცალცალკე ექაუნტების შექმნისთვის. განა ღალატია მხოლოდ მიზეზი. დედამთილზე წუწუნი არავის გაუუქმებია :))

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. როგორც ჩანს პოსტში აღწერილი წყვილი რეკორს მოხსნის 2 წელზე მეტია აქვთ :)

      Удалить
  15. ra gansxvavebaa saerto equnti geqnebat tu ertmanetis parolebi gecodinebat, orive erti ponti es erti, meorec me myavda erti tanamshromeli gogo, martalia ar icoda tavisi love-s paroli magram imdens chalichobda imdens axerxebda rom yovel dge icoda ra da rogor gaifiqra misma sheyvarebulma, tviton qmnida yalb eqauntebs sxva gogos saxelit cerda da aba ras izamda bichi akvirdeboda.... esec katastrofaa me tu mkitxavt :)))

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. გეთანხმებით სამივე დიდი მარაზმია
      მაგრამ საერთო პროფილი აქედან ყველაზე დიდ მარაზმად მიმაჩნია
      რადგან ასეთ შემთხვევაში საკუთარ თავს განიხილავა არა როგორც ინდივიდს არამედ როგორც ვინმეს დანამატს, შემადგენელ ნაწილს.

      Удалить
  16. ადრე დავწერე ეს რომელიღაც პოსტში: "მგონი სრული სისულელე უნდა იყოს "მეორე ნახევრის" ცნება და ფრაზა "ჩვენ ერთი მთლიანი ვართ"-ადამიანი უნდა გიყვარდეს როგორც ინდივიდი და არ აღიქვა შენს დანამატად..."
    ახლაც ასე ვფიქრობ და ეს საერთო ექაუნთი და ერთმანეთის პარილების ცოდნა საერთოდ კოშმარად მიმაჩნია.

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. მეორე ნახევარი - ანუ არასრულყოფილი ადამიანები :დ

      Удалить
  17. რომელი ნდობის შენარჩუნებაში "ეხმარებოდა" ეგ საერთო ექაუნთი, რომლიც იმთავითვე არ არსებობდა?..

    ქართველი წყვილის ლოგიკა: მინუს უსასრულობა >.<

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. სრული ახსნა იყო ასეთი : წყვილებს ცალ-ცალკე ექაუნთი რომ აქვთო და ერთმანეთის კომპიუტერებში რომ იქექებიანო ეგ ხომ ნდობის არ არსებობააო, ჰოდა ჩვენ ერთი ექაუნთი გვაქვს, ყველაფერი და ღიაა, შესაბამისად ერთმანეთის კომპში ქექვა აღარ გვჭირდება და შესაბამისად ეგ ყოფილა ეგ ნდობა.

      Удалить
    2. გავიგე და რა მნიშვნელობა აქვს, განა ეს უარესი არ არის? იქ ცალ-ცალკე ექაუთები მაინც აქვთ და ფორმალურად მაინცაა შენარჩუნებული ინდივიდის სახე, ასე კი დეკლარირებულად სპობენ პირადულ სივრცეს და იპრავებენ ერთმანეთის კონტროლს.
      სადაც ნდობაა, იქ კონტროლს რა უნდა?! ნდობის ცნებაში ნეტა რას გულისხმობდნენ?
      ფუ, ეგეთ ადამიანებს არ ვიცნობ და არც მინდა გავიცნო, შეიძლება შემომელანძღონ. *ლეები!

      Удалить
  18. arachveulebrivad wert hexe
    zalian vixalise
    bravo

    ОтветитьУдалить
  19. კბილის ჯაგრისიც? << კრეატიულობა იგრძნობა =))))

    და ისე, "თემიკომ გადაწყვიტა ასე"... სხვა რას გეტყოდა აბა )) პირისპირ ))

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. მეტყოდა ასე გადავწყვიტეთო :) არ მოერიდებოდა
      ძირითადად სულ მრავლობით რიცხვში ლაპარაკობდა
      ჩვენ გავაკეთეთ, ჩვენ მოვიფიქრეთ და ა.შ.
      ეს გამონაკლისი იყო, რამაც მე პრინციპში გამახარა :)

      Удалить
  20. რვეულის ბოლო ფურცელიც კი ყოველთვის სუფთა ჰქონდა.

    სუპერ !!!
    ამ ერთმა პაწაწუნა წინადადებამ ისეთი ბედნიერება მომანიჭა ვერ წარმოიდგენ
    ვითომ არაფერი, მაგრამ იმდენი რამე გამახსენდა რვეულების ბოლო ფურცლებზე <3

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. და როგორ გამოიყურებოდა შენი რვეულის ბოლო ფურცლები? :დ

      Удалить
  21. Rveulis bolo furceli chemtvis yvelaze yvelaze saintereso iyo yoveltvis da arasdros armqonia is sufta.mteli chemi grdznobebi maq zed naweri..xolo rac saerto eqaunts sheexeba sadac ndoba araris iq arc urtiert pativiscemaa da ratqmaunda arc siyvarulia + sazogadoeba ertmanets agar endoba egukve didixania.magram miliardebshi ro ertaderts amoarchev isic shen amigarchevs da mainc ro ar endobi eg ukve idiotizmia chemiazrit.

    ОтветитьУдалить
  22. Rveulis bolo furceli chemtvis yvelaze yvelaze saintereso iyo yoveltvis da arasdros armqonia is sufta.mteli chemi grdznobebi maq zed naweri..xolo rac saerto eqaunts sheexeba sadac ndoba araris iq arc urtiert pativiscemaa da ratqmaunda arc siyvarulia + sazogadoeba ertmanets agar endoba egukve didixania.magram miliardebshi ro ertaderts amoarchev isic shen amigarchevs da mainc ro ar endobi eg ukve idiotizmia chemiazrit.

    ОтветитьУдалить

ნუ წახვალ ისე,
დატოვე კვალი =)