14 марта 2013

Boys from my street

мальчики бывают разные....  



  • Boy  number 1

  არიან ადამიანები, რომელნიც ბედის ირონიის ან შემთხვევითობის წყალობით როგორღაც აცდებიან ხოლმე საკუთარ საუკუნეს და უცხო საუკუნეში დაბადებულნი დიდხანს ეძებენ საკუთარ ადგილს ასწლეულში, სადაც მათი ადგილი უბრალოდ არ არის.

     სწორედ ეს შეემთხვევა პირველ ბიჭს ჩემი ქუჩიდან. მეოცე საუკუნის დასაწყისში რომ ეცხოვრა,  ზუსტად ვიცი ჩეკისტი იქნებოდა, მეოცე საუკუნის შუა წლებში - კაგებეშნიკი, მაგრამ რატომღაც მეოცე საუკუნის ბოლოს დაიბადა,  დაახლოებით იმ პერიოდში  კაგებე რომ გაუქმდა. ჰოდა ისიც არ დანებდა და დიდხანს ეძება თავისი ადგილი,  სადაც თავის უსაზღვრო ნიჭს ჩაატევდა. ცოდვა გამხელილი ჯობს და ჩეკისტების და კაგებეშნიკების ადგილი ყველა საუკუნეში მოიძებნება, რადგან ყველა საუკუნეს ესაჭიროება მათი უსაზღვრო ტალანტი და მასაც უამრავი  სამუშაო ადგილი ჰქონდა, თუმცა ერთი ეგ იყო რომ ზომა-წონა არ იცოდა და ყველგან ყოფდა თავის უსაზღვროდ ცნობისმოყვარე ცხვირს, სწორედ ამის გამო ბოლოს სახლში აღმოჩნდა საკუთარი კომპიუტერის წინ ჩართულ ფეისბუქთან. და მანაც დაიწყო სხვისი ცხოვრების მოურიდებელი ქექვა,  თანაც აბსოლუტურად   კანონიერად.

    ასე მგონია  მის ოთახში, ან კომპიუტერის მაგიდაზე რომ შევიხედო უამრავი საქაღალდე ექნება სხვისი პირადი ცხოვრებით გაძეძგილი, ზოგჯერ ისიც მეგონა რომ კომპიუტერთან მჯდომარეს ზურგს უკან მედგა და ჩემს ნაწერს კითხულობდა, (ამ მოსაზრებას განსაკუთრებით აძლიერებდა  ის ფაქტიც, რომ ჩემი კორპუსის უკანა კორპუსში ცხოვრობდა)  ხოლო როდესაც მივხვდი რომ   ჩემს ცხოვრებასაც უყურებდა,  მაშინვე დავიმეგობრე და პროფილში არსებული ყველა მონაცემი უკლებლივ შევავსე, ამით ჩემი ცხოვრების ყურების სურვილი ბოლომდე დავუკარგე.
  რა აზრი აქვს ღია კარების მტვრევას?

  •  Boy number 2

    გინახავთ ბანკის წინ მდგარი სიმპატიური ბიჭები, კლასიკურ ტანსაცმელსა  და პასტელის ფერებში გამოწყობილნი  აუღელვებლად რომ ეწევიან დილით სიგარეტს და  ოდნავ გულგრილი  თვალებითა და ცხოვრებისგან უზომოდ კმაყოფილი ღიმილით ათვალიერებენ მათი სამსახურის წინ მდებარე მყუდრო ქუჩაზე მოსეირნე გოგოების მოკლე კაბებსა და მაღალ გეტრებს?

      ხალხს ჰგონია რომ ეს ბიჭები ყველაზე ბედნიერები არიან ამ ქვეყანაზე, აქვთ იმდენად მაღალი ხელფასი რომ რაში დახარჯონ არ იციან,  ამ ქვეყნად არანაირი პრობლემა არ გააჩნიათ და ყოველ დილით დაუთოვებელი პერანგიც ისე უბრალოდ ჩნდება მათ კარადაში ოქროს საკინძეებთან ერთად. 

    რეალურად კი  მათი ხელფასი ორ ნულს არასდროს ცდება, ვერ იტანენ საკუთარ სამსახურს, ეზიზღებათ კლასიკური ტანსაცმელი და ჰალსტუჰი ყელში უჭერთ, ხოლო ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ამ ჰალსტუჰს სიგარეტის ნამწვავებისთვის განკუთვნილ ურნაში არ ტენიან და  თავად უახლოეს ლუდის ბარში არ გარბიან დასალევად,  მხოლოდ ის გახლავთ, რომ  საკუთარ ხელფასის ათმაგი ოდენობის კრედიტი აკავშირებთ ბანკთან,  რომელსაც ასე შესისლხორცებიან.

     თუ ასეთი ადამიანი გინახავთ, მაშ დაახლოებით წარმოგიდგენიათ უკვე  მეორე ბიჭი ჩემი ქუჩიდან. ყოველ დილით ზედმეტად დაუთოვებული და ულამაზესი ღიმილით პირზე აკრული რომ მეგებება სახლთან და ისეთი პოზა უჭირავს თითქოს ამ ქვეყნად სადარდელი არაფერი ჰქონდეს, გარდა იმისა თუ რა ფერი შარფი უფრო მოუხდება მის მუქ ლუჯ თვალებს. ერთხელ მახსოვს ჩემმა მეგობარმა მითხრა ამ ბიჭს აუცილებლად რაღაც ჭირს, თორემ რა არის რომ სულ ასეთი უშფოთველი და მომღიმარიაო. ბანკის  ლამაზი ბიჭების არ იყოს მასაც რაღაც მძიმე ბეგრაუნდი უნდა ჰქონდეს, რომლის შენიღბვას ლამაზი ღიმილით ცდილობს, ყველაზე მეტად ეს ბეგრაუნდი მაინტერესებს, რომლის გამოქექვას სიამოვნებით  მივანდობდი ჩემ პირველ მეზობელ- ჩეკისტს, თუ უკვე გამოქექილი არ აქვს.



  • Boy number 3


       მესამე ბიჭი ჩემს ქუჩაზე სამ წლის წინ გადმოვიდა და სამი დღის მერე ნამდვილ მესიად იქცა, კვირის თავზე კი ადგილობრივი უსაქმურები ქუჩაში უკვე ადგილს ეძებდნენ ადგილობრივი მესიისთვის ძეგლის დასადგმელად. არ ვიცი რა ჩაიდინა ასეთი, მაგრამ ქუჩის ყველაზე წარმატებულ, ჰიპერაქტიურ და ჭკუის შემსწორებელ კაცად კი იქცა. ოდნავ არ გაუმართლა იმაში, რომ როცა ჩემს ქუჩაზე გადმოვიდა კანონიერი ქურდის ინსტიტუტი უკვე გაუქმებულიყო, თორემ იმ კატეგორიის თავში მოექცეოდა რომელთანაც "სპრავიდლივი სიტყვის" მოსასმენად ადიან ხოლმე.

        იმის გათვალისწინებით რომ ჩემს ქუჩაზე  დიდ დროს არ ვატარებდი მისი არსებობის შესახებ მისი გადმოსვლიდან მხოლოდ 1 წლის თავზე შევიტყე, ამ ცნობის მიღებიდან ორი თვის თავზე კი განგებამ  მისი ნახვის ბედნიერებაც მომანიჭა, ეს მაშინ მოხდა როცა ერთ კვირა დილით ჩემი სახლის გვერდით მდებარე საცხობისკენ მივიჩქაროდი.  გვერდით ამომიდგა და დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში მელაპარაკა, - აქაოდა ჩემს ძალაუფლებას, რატომ არ აღიარებო. უნდა ვთქვა რომ ზედმეტად ცუდი დრო შეარჩია ჩემთან საურთიერთობოდ რადგან სწორედ მაშინ შემაფერხა, როცა საცხობში  ჩემი საყვარელი ვაშლის ღვეზელი მელოდებოდა დარიჩინით. მეც მაშინვე მივახალე - "დარწმუნებული ვარ შენს კლასელებს რომ ჩამოვურეკო, ერთი მათგანიც კი ვერ გაიხსენებს შენს სახელს და გვარს მეთქი. " კარგი მსროლელი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ახლა ციფერბლატის წინ რომ ვმდგარიყავი -10-იანის გულში მექნებოდა გარტყმული, რადგან ის გაჩუმდა,  მკვეთრად მოტრიალდა და გამშორდა.

         ორი კვირის მერე ისევ მოვიდა და მითხრა - ჩემს კლასელებს ვერასდროს ნახავო, რატო ყველა ერთიანად დახოცე მეთქი, გაეცინა, არა უბრალოდ ზედმეტად შორს ვსწავლობდი ამ ქუჩიდანო. სამაგიეროდ ხალხს ვიცნობ ვინც მარტივად მიაგნებს შენ სკოლას თავის კლასელებიან-მასწავლებიანად მეთქი. ეს რომ ვუთხარი გაფითრდა ეგონა რამე საეჭვო ხალხთან მქონდა საქმე, სინამდვილეში კი ჩემ პირველ მეზობელს ვგულისხმობდი - კაგებეშნიკს. რომელიც ჩემი არ იყოს და არასდროს ესალმებოდა მას, როს გამოც უბნის უსაქმურებმა რამდენჯერმე ჰკითხეს კიდეც -  შენ  რამე ხომ არ გეშლებაო?
ისე კარგია კაგებეშნიკობა ზუსტად იცი ვინ რას წარმოადგენს.

      მესამე ბიჭი კი როგორც ვარაუდობდი ზუსტადაც რომ  არაფერს წარმოადგენდა, წარსულში ერთი მუწუკიანი ტიპი იყო ( რომლის კვალი დღემდე შერჩენოდა სახეზე. ) ერთხელაც გადაწყვიტა ყველაფერი შეეცვალა, რამდენიმე თინეიჯერულ ფილმს უყურა,  მიწისქვეშა გადასასვლელში ორ ლარად ნაყიდი დეილ კარნეგის წიგნიც წაიკითხა და გადაწყვიტა სხვა ქუჩაზე გადასულიყო სხვა ცხოვრების დასაწყებად. თან რაც შეიძლება შორს საკუთარი ქუჩიდან, ვინმეს შემთხვევით მის სკოლაში რომ არ ჩაერბინა კითხვით ამას და ამას ხომ არ იცნობდითო?


P.s. პოსტში აღწერილი ბიჭები არიან ჩემი ქუჩიდან და მათი  ნებისმიერი დამთხვევა თქვენი ქუჩის ბიჭებთან შემთხვევითია....

P.p.s. თუ ყველაფერი ძველებურად გაგრძელდა შემდეგი პოსტი იქნება "გლამურული გოგოები ჩემი ფეისბუქიდან", სადაც თქვენ ნამდვილად აღმოაჩენთ ბევრ დამთხვევას გოგოებთან თქვენი ფეისბუქიდან. :დ 

17 комментариев:

  1. ოო, გოგოებზეც სიამოვნებით წაიკითხებდა კაცი, ისევე როგორც ბიჭებზე წავიკითხე. :)

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. გოგოებზეც სიამოვნებით დავწერდი :)
      თუმცა მანამდე კი მაქვს დაწერილი უკვე
      საქმიან ქალებზე :დ http://www.hexe.ge/2012/12/blog-post_17.html

      Удалить
  2. N1პირველი კატეგორიის ბიჭებზე სულ"ვდარდობ",იქნებ რამე საქმით დაკავდენენ,ნუთუ სხვა ჰობი არ აქვთ,იკითხონ,ცურვაზე იარონ,ან ყინულზე ისრიალონ, :)მეგობრებს შეხვდენენ,ამასობაში დრო გავა და სულ ვერ მოიცლიან სხვის საქმეში ცხვირჩასაყოფად. N2 ბიჭებიც ძალიან მეცნო,ბანკებთან ურთიერთობა მიწევს ხოლმე,აი მესამე კი.... ეგ ჩემი ტკივილია,ეგ კატეგორია ძალიან,ძალიან ბევრია ჩემ ქუჩაზე.

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. პირველი კატეგორიის ბიჭებს რაც შეეხებათ ლანა ეგ არის მაგათი ჰობი :) ამისთვის დაიბადნენ და ამით იღებენ სიამოვნებას :) ასე რომ არ ღირს მათზე ბევრი ფიქრი

      Удалить
  3. და მერე 67 ან 77წლის ასაკში აღმოაჩენენ რომ საკუთარი ცხოვრება არასდროს ჰქონიათ. :(

    ОтветитьУдалить
  4. ო ბანკის პასაჟი ისეთი ზუსტი იყო რომ არც კი მჯერა რომ ეს დაწერა ადამიანმა, ვისაც არასდროს უმუშავია ბანკში.
    და გოგოები არ ცხოვრობენ შენს ქუჩაზე ჰექს?

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. არც არის საჭირო ბანკში მუშაობა, რადგან მე ბანკის წინ მდგარ ბიჭებზე ვწერ :)
      გოგოებიც კი :)))
      მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ბიჭები უფრო მეპიკანტურენ... :დ რატომღაც ..

      Удалить
  5. საავტორო უფლებებს ვითხოვ პოსტერზე

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. რაც ჩემს დესტოპზე გდია - ჩემია :)

      Удалить

ნუ წახვალ ისე,
დატოვე კვალი =)