26 октября 2014

საბანი

"არტია, ბევრი ვერ გაიგებს!" 

(c) cy twombly


რაც დრო გადის სულ უფრო მეტად მესმის იმ ცისფერთვალება ყმაწვილის.  მთელი წელი ელოდები ამ დღეს. ხუთი თვით ადრე იწყებ კაბის შეკერვას, რომელშიც წარმოგიდგენია თავი იმ კიბეზე ამავალი.  ყოველ   დილით იცვამ კაბას, თხელ აბრეშუმის წინდებს, იხატავ თვალებს, ტუჩებს, ფრჩხილებს, იფერადებ ღაწვებს,  საფეთქელეებთან იპკურებ სუნამოს და საათობით ვარჯიშობ სიარულში..  გესმის როგორ ჩურჩულებენ შენს უკან დარჩენილები შენზე.. მთელი წელი მკაცრად უმეორებ შენ თავს - არავითარი სამადლობელი სიტყვა, არავითარი სამადლობელი სიტყვა. მიდიხარ, ჯდები, ელოდები, ნერვიულობ და პრიზს კი მაინც ის იღებს რომლის ნახატებშიც ყველა რაღაც ღრმას, რაღაც უფრო მთავარს ხედავს... ყველა შენს გარდა..


ისე დავიწყე არც გაგცნობივართ, მე მხატვარი ვარ. და დიახ,  ზუსტად ისეთი ვარ, როგორც ახლა თქვენმა სტერეოტიპებით მოაზროვნე გონებამ  წარმომიდგინა - გრძელი და მუდამ საღებავში ამოსვრილი თხელი თითებით, წითელ-ყვითლად და შიგადაშიგ იასამნისფრად შეღებილი გაწეწილი თმით, ჩანთაზე უწესრიგიდ დაკერებული ფერადი დიდი ღილებით, ყელზე ასხმული შეღებილი ქვების ავგაროზით,  იმედგაცრუებული ღიმილით სახეზე  და რაც მთავრია - უსათნოესი გრძნობებით შიგნით.

სინადვილეში კი მე...

სამხტავრო აკადემიის  ფერწერის ფაკულტეტის  სტუდენტი ვარ და ყოველ წელს მონაწილეობას ვიღებ კონკურსში - საუკეთესო ახალგაზრდა მხატვარი. ჯერ არც ერთხელ არ გამიმარჯვია. თუმცა წელს ყველაფერი სხვანაირად  იქნება. წელს პირველად გადავწყვიტე რომ მორჩა მოლოდინი,  მორჩა  იმედები, მორჩა ცრემლები...
მთავარი აქ არის ძროხა, მაგრამ ბევრი ვერ მიხვდა..

....   და სამხატვრო აკადემიისკენ  გავეშურე ზუსტად იგივე ვარცხნილობით,  როგორითაც გავიღვიძე.  არც ერთი ნაკვთი ჩემი სახისა არ შემიღებავს.  წლევანდელი წლისთვის სპეციალურად შეკერილი შავი კაბა  ჩემს მკერავს ისე ნაადრევად გამოვგლიჯე ხელიდან რომ მან წითელი  ძაფით დაბლანდული ხაზების მოხსნაც კი ვერ მოასწრო ქსოვილიდან. ეს მაშინ შევამჩნიე, როდესაც აკადემიაში მისული უკვე კონკურენტებს ვკოცნიდი. მათ ჩემი ჩაცმულობა მიიღეს როგორც რაღაც  მინიშნება,  რომლითაც მე მსურდა მეთქვა მათთვის რაღაც ძალიან ძალიან მთავარი, როგორც წარმოჩენა ორი მთავრი ლიტერატურლი ფერისა - წითელის და შავის, ინის და იანის, საწყისის და მოკლედ...

ზოგჯერ ძალიან არ მომწონს ეს ხალხი მათთვის თეთრ პერანგზე გადასხმული ყავაც კი ხელოვნების ნიმუშია და არა დაუდევრობის შედეგი. ჩემი შეუღებავი და თითქმის წაშლილი სახე, რომ ბუნებრიობისკენ მოწოდებად იქნა აღქმული ამას დიდი თქმა არც უნდა. დიდად არაფერი შეცვლილა - წელსაც იგივე სახეები, იგივე ფერები, იგივე ხალხი ბრუნდება საზღვაგარეთიდან, ვინც წინა წელს  წავიდა..
მაგრამ არის  მაინც რაღაც ახალი, რაღაც უფრო მთავარი, ამ მთავარს მალე ჟიური გამოავლენს.
იქნებ ფიქრობთ, რომ მთავარი სიგარეტია?!

ვზივარ, ვნერვიულობ, ველოდები, ვეწევი.

ბოლოს  ყველაფერი რჩება  და სამხატვრო აკადემიიდან გამოსული თავს ვგრძნობ,  როგორც სულხან -საბა ორბელიანი. რაც შევიტანე, ისევ ის გამომაქვს, თუმცა სულხანმა ვერსალი მაინც ნახა, მე?

მე მივდივარ Art Cafe-ში,  სადაც იკრიბება ყველა,  რათა მიულოცონ გამარჯვებულებს და გაამხნევონ ნომინანტად დარჩენილნი. ითვლება,  რომ Art Cafe  ხელოვანთა პარნასია, სადაც იკვეთება თანამედროვე ხელოვნების კონტურები,  სინამდვილეში ეს არის ოპერის გვერდით არსებული მუდმივ სიგარეტის ბუღში გახვეული ერთი არც ისე ინტიმურად ჩაბნელებული კაფე რომლის კედლებზე უწესრიგოდ მიჭედებული თაროები სავსეა უამრავი ექსტრავაგანტლი და ორიგინალური ექსპონანტად წოდებული ნივთით, რომლის კრებითი სახელია  -  ხარა-ხურა.  კედლის დარჩენილი ადგილები, მაგიდები, სკამები, ჭერი, იატაკი მოფენილია უამრავი უცნობი მხატვრის ნამუშევრებით, რომელთა კრებითი სახელია - შედევრი და  რომლებიც ასე დიდხანს ელიან ძმებ ზდანევიჩებს. (თუმცა სინამდვილეში აქ ყველაფერს ერთი კრებითი სახელი აქვს და ეს სახელია - ხარა-ხურა) 

აქაურ ოფიციანტებს კი სხვებისგან იმით გამოარჩევ, რომ უფრო  მეტად  მელანქოლიური სახეები აქვთ და საფერფლის მოტანის ნაცვლად  მუდმივად გესაუბრებიან რაღაც სხვაზე, რაღაც უფრო მთავარზე....

ჩემს მაგიდასთან ხვდებიან ბერლინიდან ცოტა ხნის წინ დაბრუნებული ჩემი კურსელი, რომელიც ორი წელია  ამტკიცებს რომ სწორედ მას უნდა ერგოს ჯილდო საუკეთესო ახალგაზრდა მხატვრისა, ვინაიდან ის არის ერთადერთი ქართველი მხატვარი,  რომელიც ხატავს კოღოებს.  თუმცა ვერაფრით ასაბუთებს კოღოების საჭიროებას ან მის ღრმა აზრს ფერწერაში.  აქვეა მისი  კოღოებით აღფრთოვანებული ჯონი, რომელიც ხატავს რძით სავსე ჭიქებს და ამტკიცებს რომ არავის შეუძლია გამოიცნოს მის ნახატებში ახალია თუ არა რძე. (?)


ვზივარ, ვეწევი, არ ვღელავ..

ჩვენს მაგიდას უახლოვდებიან ჩვენს წრესთან საკმაოდ დაახლოებული პოეტი (მისი პოეზია დიდი უცნაურობით გამოირჩევა, კერძოდ თუ   მის ლექსებს  ერთ ხაზზე დაწერთ მიიღებთ სენტიმენტალურ მოთხრობას, ხოლო თუ ჯერ სენტიმენტალურ მოთხრობას დაწერთ,  მერე კი  სტრიქონებს   "ენთერ"-ით გამოჰყოფთ   და ყოველი სიტყვის ბოლოს მრავალწერტილს დასვამთ,  მიიღებთ ლექსს )  და მისი პარტნიორი მუსიკოსი, რომლის მუსიკის მოსმენა შეგიძლიათ ნებისმიერ ხალხმრავალ ადგილას, ვინაიდან მუსიკა, რომელსაც იგი ქმნის არის რაღაც საშუალო ხალხის აუტანელ ზუზუნსა და ტროლეიბუსების ჭრიალს შორის. მე მიყვარს ეს წყვილი და ვფიქრობ რომ თუ ისინი საკუთარ  შესაძლებლობებსა შეართებენ - რაღაც საოცარ სიმღერებს მივიღებთ, ასეთი იდეა მათ როგორც ჩანს ჯერ არ მოსვლიათ. არიან აქ სხვებიც:  მხატვარი რომლის ნახატებს მხოლოდ გარკვეული უბნის გარკვეულ ქუჩაზე  იგებენ  და ერთიანდება კატეგორიაში "არტია, ყველა ვერ გაიგებს" ასევე  მხატვარი, რომელიც მუდამ ქალის მოწყენილ სახეებს და მშვიდად დაშვებულ ხელებს ხატავს და ამით უპირისპირდება სექსიზმს ყველა სფეროში, და სხვანი და სხვანი... 


ვზივარ, ვეწევი, ვხედავ .... 
როგორ მიიწევს ჩემი მოიისფრო კაბა კიბეებისკენ,  ვფიქრობ კმარა იმედები.სახლში მინდა, ოფიციანტები აგვიანებენ ანგარიშის მოტანას და ბართან საუბრობენ რაღაც უფრო მეტად მთავარზე,  ვიდრე ანგარიშია.

სახლში მივდივარ, მომავალ წელსაც იგივე იქნება, არ ვღელავ იმიტომ რომ უკვე მივხვდი რა არის უფრო მთავარი და მივხვდი რომ სახლში მელოდება ის რაღაც, უფრო მთავარი. და ეს არის

საბანი...



საბანი... აი რა არის ყველაზე მთავარი. 

P.s. ვიხდი, ვწვები, ვეხვევი, ვიძინებ..
ღამე მშვიდობისა თქვენც...

P.p.s. ჰო მართლა კინაღამ დამავიწყდა: "არტია, ყველა ვერ გაიგებს!" 

4 комментария:

ნუ წახვალ ისე,
დატოვე კვალი =)