16 января 2015

"გურული დღიურები"

"- კოფე გაქვს დალეული?
- ცა,  დღეს მეოთხე ჩაშკა დავლიე.
- არ მოგკლავს მეხუთე"


სწორედ მეხუთე ჩაშკა კოფესთან ერთად უნდა მოგიყვეთ ერთი პატარა წიგნის შესახებ, ისე რომ შემოგეკითხება, შემოგეჭმევა, შემოგადნება ხელში საგანგებოდ დასხმული ჩაის ბოლომდე დალევასაც რომ ვერ მოასწრებ. არადა რა რა და სწორედ ჩაი უხდება ამ წიგნს. მერე და როგორ უხდება. არნახულად. უხდება გასაშრობად გაფენილი ახალმოჟლემილი ჩაის ფოთლების სუნი, კეცზე გვერდებმიმწვარი ხაჭაპური, "ფეჩქაზე" დაყრილი გაფრცქვნილი მანდარინის კანი, მოჟამული ნაცრისფერი ამინდი და ისეთი წვიმა -  აი  რომ "ფუთქავს და იცრიალებს".  ხვდებით ხომ როგორი გემრიელია?

ამ სურნელოვან წიგნს "გურული დღიურები" ჰქვია.  პატარა მხოლოდ მოცულობითია თორემ რამდენი ხმა, სუნი, შეგრძნება, მოგონება და ადამიანი ეტევა ვერ დათვლით. ფიჭვის კევის გემოსავით დიდი ხნის წინ დავიწყებული შეგრძნებები წიგნის წაკითხვის დროს მოჭრილი ფეხივით რომ აგტკივდება და ისეთიც მათი არსებობის შესახებ აქამდე რომ არაფერი გსმენოდა, თუნდაც შეშის მოსატანად სახელდახელოდ მოსხმული ბუშლატის სუნი რად ღირს მთელი შემდგომი ცხოვრება მისი სუნი რომ ექნება წვიმას. სწორედ იმ შაქრო ბაბუის ბუშლატის სუნი მიმქრალ ნაკვერჩხალზე  დაუსრულებელ ზღაპრებს რომ ყვებოდა და მომავლის ნაცვლად  წარსულზე ოცნებობდა. 

წიგნი იმ ხალხზეა,  ჭყინტი ყველის  ჭამა და თვალის ჩაპაჭუნება რომ უყვართ. მშრომელ და მხიარულ გურულებზე - ქრისტეფორე კოლუბს ამერიკის აღმოსაჩენად რომ არ გაყვნენ - მარგვლას ვერ მივატოვებთო.  არანორმალურად ნიჭიერ ხალხზე. ასე უნახავად, გაუცნობლად და ხელის ჩამოურთმევლად ასე ძლიერ შეგაყვაროს თავისი კუთხე უდიდესი ნიჭია. გურულებს ეს განსაკუთრებით კარგად გამოსდით. კითხულობ და ხვდები რომ ბებია ოლღა მხოლოდ ზურიკელა სულძაღლიანის ბებია   კი არა,  ზოგადად გურული ბებიის პროტოტიპია. ხან ნათელა ჰქვია და ძილის წინ ფეხების დათბილვასთან ერთად ღამით ნანახ სიზმრებს წინასწარ გაყოლებს და ხან მედიკო ზედმიწევნით რომ იცის ჭირ-ლხინში  რამდენ კაცს რამდენი ნაჭერი ხაჭაპური ეყოფა, რამდენი მორჩება "მეორე დღიზა"   და შესაბამისდ  მხოლოდ გურულებისთვის დამახასიათებელი თავდაჯერილობით გადახედავს სტუმრად მოსულ ხალხს" მიდით, დასხედით მე ეგ სუფრა უკვე ალაგებული მაქვსო" 

მე არასდროს ვყოფილვარ გურიაში - არც არყის გამოხდა მინახავს ღელის პირას, არც ნახევრადგამჭვირვალე ოცლიტრიანი, არც წითელი მიწა და ტალახი. მაგრამ მეც და თქვენც ზუსტად ვიცით როგორ გამოიყურება ეს საჯარო თავყრილობა გურიაში. "როდესაც დიდი სიყვარული მთავრდება ყოველთვის ასეთი ამინდი დგება ხოლმე"  - შემოდგომის სუსხიანი ნათელი ღამე სავსე ხმაურით და სიმინდის შრიალით. აწი   ისიც ვიცი  ყოველთვის რატომ არ უდრიდა ან  შემდგომში აღარ უდრიდა სკოლის მერხზე ამოჩხაპნილი ა+ბ=შ-ს. და ისიც რატომ ჰქონდა ბავშვობის პირველ სიყვარულ  " love "-ს  ასეთი უცნაურად მოტკბო გემო, ისიც რატომ არასდროს გამომდის დილით ადრე მშვიდად საუზმობა.  

ავტორი ასე ზედმიწევნით და მარტივად სცემს ბავშვობის კითხვებს პასუხს, თუმცა სულ იმაზე ნერვიულობს ასე მოყოლით ეს ამბავი არ გამოდის რადგან ეს ჩვეულებრივი ამბები მხოლოდ ჩემთვის არის არაჩვეულებრივიო. ვინც  წიგნს წაიკითხავთ მიხვდებით, რომ ეს  უმიზეზო ნერვიულობაა, გურულებისთვის დამახასიათებელი გადამეტებული შფოთვა. რადგან ჩვეულებრივი ამბები, ისევე როგორც ადამიანები ამ წიგნში უბრალოდ არ არის -  თუ ყურს კარგად მოუგდებთ და  მათი აჩქარებული,  ფრანგულს მინამსგავსი  საუბრიდან ერთ-ორ სიტყვას წაჰკრავთ-წამოჰკრავთ ყურს, მერწმუნეთ,  საოცარი ამბების მსმენელი შეიქმნებით. 

P.s. და ბოლოს ავტორისა არ იყოს და "რას შობი, როის ჩამოი? როის მიხვალ?"  სხაპასხუპით და თითქმის ერთ სიტყვად მოყრილი ამ კითხვების ზუსტი მნიშვნელობა თქვენც ნურასდროს გაგაგებინოთ ღმერთმაგურულებისას ყველაფერს ვერ გაიგებ, ისინი უბრალოდ უნდა გიყვარდეთ. 





8 комментариев:

  1. ლაიქის მსგავსი კნოპკა აქანე არა გაქვენ?

    ОтветитьУдалить

ნუ წახვალ ისე,
დატოვე კვალი =)