26 июня 2015

მეათასე ღამე

"მზეზე ბრწყინავენ ზანტი მუშები 
და იმშრალებენ გაოფლილ კისრებს 
და როცა სიცხით პირიც უშრებათ, 
 თვალი ფანჯრისკენ გაურბით ისევ"

ფარდა გადაწია და გაღებული ფანჯრის რაფაზე ჩამოჯდა. აქ გემრიელად იწვება სიგარეტი და ზურგი  უკან მოფუსფუსე მუშების მზერით. ათი თვეა  რაღაცას აშენებენ. ჯერ არ ვიცით რას.  ალბათ ისევ მრავალსართულიან შენობას, რომლის კედლებში უკვე გაჰყავთ დღეები სახლის მომავალ ბინადრებს. იციან კი  მუშებმა რა მოხდება იმ კედლებში,  რომლებსაც ასე საგულდაგულოდ (ან არც ისე) აშენებენ?!

 შეუძლებელია ... 

მაგიდაზე დადგმული ცხელი შოკოლადი ცივდებოდა და ნელ-ნელა იმსხვრეოდა დრომოჭმული სტერეოტიპები რომ შოკოლადი უნდა იყოს ცხელი, ფორთოხლის წვენი ახალი, კრუასანები   შოკოლადით გაძეძგილნი, ლოგინში   ორნი... 

მთელი ცხოვრება 20-იან წლებში ცხოვრებაზე ოცნებობდა.  გაფერადებულ ოციანებში, სადაც ქალები კაბის ქვეშ ძლივს მალავენ თეთრ  მაქმანებს და თხელ თითებში ათამაშებენ გრძელ სიგარეტებს, კაცები კი ფართო კოსტიუმებში ინახავენ ცეცხლს ამ სიგარეტებისთვის.  სადაც გამუდმებით ისმის  ჩარლსტონის რიტმები და არასდროს ნელდება შეგრძნება რომ ამ სიგარეტის კვამლითა და დაუსრულებელი კისკისით გაჟღენთილ ატმოსფეროში ეს-ესაა რაღაც აუცილებლად მოხდება.მზად იყო მსოფლიო ომებიც კი  გადაეტანა, ოღონდაც ასე დაუსრულებლად რიტმულად ემოძრავათ კაბის ბოლოებს და ხელთათმნის ფერი ყოველთვის დამთხვევოდა ქუდისას.

შეუძლებელია ... 

ჰოდა რომ ეკითხათ უფრო ფიცჯერალდის "გეტსბიში" ისურვებდა ცხოვრებას, ვიდრე სადმე სხვაგან, მაგრამ უკითხავად მაინც "ათას ერთ ღამეში" მოხვდა, სადაც მუცელგამობერილ ქალებს მოჰქონდათ რაჰათ ლუხუმით სავსე ხონჩები და ყველაფერი სავსე იყო თრიაქის მოტკბო სურნელით. ამის შემდეგ უკვე აღარაფერი აღარ იყო უცნაური. სამწუხაროდ, ჩვენ არ ვირჩევთ წიგნებს, სადაც მოგვიწევს ვიცხოვროთ.
ალბათ ...

 - "გაცივდები"  

ზუსტად ის წითელ კოპლებიანი პენუარი ეცვა მე რომ სანაყინის გვერდით მდებარე მაღაზიაში ვუყიდე. რა დამავიწყებს კადრს, როდესაც კონსულტანტმა გოგონამ ორი ნაბიჯით უკან დაიხია და მკითხა: "ჩემნაირი ტანი აქვს"-ო. მახსოვს, თავი დავუქნიე.
ტანი  მართლაც კარგი ჰქონდა, თუმცა არ მითქვამს "იმას" უფრო დიდი ძუძუები რომ ჰქონდა.  რა აზრი ჰქონდა მის განაწყენებას? ისეთი ლამაზი თვალები და გამჭვირვალე კანი ჰქონდა ხელით შეხება მოგინდებოდა, მაშინვე ის გავიფიქრე ნეტა ნამდვილი თუ არის მეთქი?


ჰოდა... ის კოპლებიანი პენუარი აცვია და ჯერ არ იცის მისი ყიდვის ისტორია, ზუსტად ოთხი  კვირაა არ მოუწევია. ბოლო სიგარეტი ერთად იმ დანგრეული სკოლის ეზოში მოვწიეთ.  ადგილას,  სადაც მან პირველად აკოცა ბიჭს დიდი ხნის წინათ და  დიდი ხსნის მერე ამ ადგილას დარტყმულ ნაფაზს სხვა გემო ჰქონდა. მე კი ოთხი თვეა არაფერი დამიწერია, ან უფრო მეტი. ვერაფერს დავწერ, სანამ  იმ  პოსტს არ დავწერ, ასე რომ მაწუხებს.  ვერ ვწერ იმიტომ რომ ჯერ კიდევ მტკივა. მეტკინება მანამ სანამ არ დავწერ და ვერ ვწერ იმიტომ რომ მტკივა. ჩაკეტილი წრეა, სად გინდა რომ გაიქცე?

ის, ლოგინში მორთმეული კაცი, ლეილისა და კაისის  სიყვარულის ამბავს ყვებოდა და მეჩვენებოდა  რომ განგებ  ამახინჯებდა სიტყვა "მეჯნუნს." ზურგს უკან ისევ ხმაურობდნენ მუშები. ის კი, სანაყინის გვერდით მდებარე მაღაზიაში ნაყიდი წითელ კოპლებიანი პენუარი რომ ეცვა,  შოკოლადით გაბუთქულ კრუასანს კანს აცლიდა,   ჩემს გაყინულ ცხელ შოკოლადში ყრიდა და რაღაც ძალიან მნიშვნელოვანის სათქმელად ემზადებოდა. 

-"იცი, ორსულად არ ვარ."
-"არც მე." 


... და იდგა ღამე მეათასე.


P.s. ამ ამბავს პოსტ სკრიპტუმი არ ექნება, აი უბრალოდ არ ექნება და მორჩა ... 

8 комментариев:

ნუ წახვალ ისე,
დატოვე კვალი =)